პოლიტიკა
ახალი კრიმინალური ისტორია საქართველოს პრეზიდენტ მარგველაშვილის ოჯახში (საქინფორმი)

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ერთი კვირაც არ გასულა, რაც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე - ქალიშვილის ქმარი, მოქალაქე მინდია გოგოჭური, რომელიც მანამდე პოლიციას არაერთხელ დაუკავებია - სისხლიანი გარჩევის შედეგად მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის მეგობართან ერთად საავადმყოფოში მოხვდა, რომ მარგველაშვილის ოჯახი ახალ კრიმინალურ ისტორიაში გაეხვა.

 ამჯერად სამართალდამცველებმა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა - მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს, რომელიც სამჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის, ნარკოტიკებისა და მკვლელობის მცდელობისთვის. ამჯერად მოქალაქე მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტის) უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის გახლავთ დაპატიმრებული და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად საგამოძიებო იზოლატორში მოთავსება განუსაზღვრა.

 დაცვის ვერსია ძალზე ორიგინალურია - როგორც მისი ადვოკატი ამტკიცებს, დაკავებული მხატვარია და პისტოლეტები... დასახატავად შეიძინა(?!), მაგრამ მაღაზიაში ჩასასვლელად სახლიდან გამოსულს დაავიწყდა, რომ ისინი ქურთუკის ჯიბეში ეწყო(!).