საქართველოს 15 მოქალაქე უკვე მეხუთე თვეა, სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება და მათი მდგომარეობა დღითიდღე გაუსაძლისი ხდება. მეკობრეები მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 1 მლნ აშშ დოლარს ითხოვენ, თუმცა ოფიციალური თბილისი არათუ თანხის გადახდას გეგმავს, მეკობრეებთან მოლაპარაკებებზეც კატეგორიულ უარს აცხადებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე განმარტავს, „ხელისუფლება ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს და კავშირი მხოლოდ გემთმფლობელთან აქვს“.
ერთადერთი, ვინც ტყვეების ბედით დაინტერესდა, იმ ბერძნულის გემის მფლობელია, რომელზეც ტყვედ ჩავარდნამდე ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ. თუმცა გემთმფლობელი მზადაა, მეკობრეების მიერ დასახელებული თანხის მხოლოდ ნაწილი გადაიხადოს.გემთმფლობელისაგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტი ტყვეების შესახებ საერთოდ არ საუბრობს. სახელმწიფოსგან რაიმე თანხის გამოყოფაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.
აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის „შემაშფოთებელ“ დუმლითან დაკავშირებით განცხადება დღეს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ „პრეზიდენტის დუმილი კლავს!“.
დეპუტატ ლორთქიფანიძეს ჩვენს მთავარ კითხვაზე საპასუხოდაც დავუკავშირდით, რომელმაც თავდაპირველად საზოგადოებისთვის პრობლემის არსის უკეთ გაცნობა ისურვა და განმარტა, რომ „საერთაშორისო კანონმდებლობით მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლის პრევენცია არ რეგულირდება, რის გამოც, ვერც ერთი სახელმწიფო მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ვერ ახერხებს, რაც პრობლემას კიდევ უფრო ართულებს“.
„თუმცა, მიუხედავად ამისა, არც ერთ სახელმწიფოს საკუთარი ტყვეები არ მიუტოვებია. როდესაც კალანდაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს, გაიხსენოს ტერორისტების ხელიდან ტყვეების დახსნის არაერთი ოპერაცია, მათ შორის, ავღანეთში. შესაძლოა, საგარეო უწყება მეკობრეებთან დაკავშირებით საქმეს აკეთებს კიდეც და ჯერჯერობით არ ახმაურებს, თუმცა, დამეთანხმებით, 5 თვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ მცირე შედეგი მაინც დავინახოთ. ყოველ შემთხვევაში, მას მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება არ ეკადრება. განცხადება ამ ყველაფერზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა გააკეთოს და მეტიც, კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებზე მილიონების ხარჯვის სანაცვლოდ სარეზერვო ფონდიდან საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებისთვის გაიღოს თანხა. რაც შეეხება კითხვას, „რატომ არ უღირს ხელისუფლებას ამ თანხის გადახდა?“, არ მსურს, ცინიკურად გამომივიდეს, თუმცა ხე ნაყოფით იცნობა – სააკაშვილს უღირს, ფული პიარ–აქციებზე დახარჯოს და შემდგომ ამერიკიდან განცხადებები აკეთოს იმის თაობაზე, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების გატარების ლაბორატორიაა. ხოლო ეს ფაქტი, როგორც ჩანს, არად უღირს, რადგან ტყვეებისთვის თანხის გამოყოფა და ამ პრობლემის მოგვარება მსოფლიო საზოგადოების თვალში მისი უშუალო აქტივობის გამოხატვა არ იქნება“, – განუცხადა „საქინფორმს“ ლორთქიფანიძემ.
ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოს პროფკავშირების მიერ შექმნილ სოლიდარობის ფონდში, რომელიც სწორედ ქართველი მეზღვაურების გამოსასყიდის შეგროვების მიზნით შეიქმნა, უკვე 65 ათას ლარზე მეტია შესული.
„ეს ფაქტი პრეზიდენტ სააკაშვილის დუმილითა და უმოქმედობით გამოწვეული უიმედობის განცდას კიდევ უფრო შოკისმომგვრელს ხდის“, – დასძინა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბერძნული გემი, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფებოდა, სომალელმა მეკობრეებმა გასული წლის 8 სექტემბერს ადენის ყურეში დააკავეს. როგორც ტყვეების ოჯახის წევრები აცხადებენ, ისინი უმძიმეს პირობებში იმყოფებიან და საკვების პრობლემაც აქვთ.