რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სტალინის მენეჯმენტი და კვირიკაშვილის მენტალიტეტი - სად უშვებს შეცდომებს პრემიერ-მინისტრი, როცა გენერალისიმუსს ჰბაძავს

  "კადრები წყვეტენ ყველაფერს"
   ი.ბ. სტალინი

 ისეთებზე, როგორიც კვირიკაშვილია, ამბობენ - “ნამდვილი წმინდანია”: არ სვამს, არ ეწევა, არ მრუშობს, ხაზინიდან ფულს არ იპარავს, კულტურული, განათლებული და რესპექტაბელური მამაკაცია. ამიტომაც ყველას, ვისაც კვირიკაშვილისთვის მართლაც სიკეთე უნდა, მისი გადადგომა უნდა სურდეს ამ უმადური თანამდებობიდან, სადაც გამუდმებით არაპოპულარული გადაწყვეტილებებია მისაღები. როგორც 2015 წლის დეკემბერში, მთლად ახალი წლის წინ, შეცდომა იყო პრემიერ ღარიბაშვილის ჩამოგდება პატრიარქის ნაჩუქარი თეთრი ცხენიდან, დღეს ასეთივე შეცდომა იქნება პრემიერ კვირიკაშვილის თანამდებობაზე დაკავება იმისათვის, რომ სახალხო უკმაყოფილების ტალღამ წალეკოს.

 დიახ, კვირიკაშვილი კარიერისტი არ არის, მაგრამ ამბიციური, თავმოყვარე და მატერიალურად უზრუნველყოფილი ადამიანია, ამიტომაც ოცნებობს იმ პოსტიდან წასვლაზე, რომელზეც ამდენი დამსახურებული და დაუმსახურებელი საყვედურისა და შეურაცხყოფის მოსმენა უწევს.

 კვირიკაშვილი არ არის შემოქმედი, ის - პატიოსანი და პასუხისმგებლობის მქონე შემსრულებელია, რომელიც შორსაა ხალხისაგან - სადღაც მაღლა, თითქოს მთაზე ზის... ადამიანებთან ურთიერთობა ბატონი გიორგის სტიქია არ არის. ის კომფორტულ კაბინეტში წერს ფორმულებს, რომელთა მოწოდებაა, მომავალში საქართველო მთელი მსოფლიოს ტურისტებისათვის მიმზიდველ ზამთრის კურორტად გადააქციოს.

 შიშველი ციფრების მიხედვით კვირიკაშვილი იქნებ მართალიც არის, მაგრამ მისი გათვლები თეთნულდივით ცივია - იმიტომ, რომ მათ უკან ადამიანი არ ჩანს, კვირიკაშვილის ფორმულები ადამიანურ ფაქტორს არ ითვალისწინებენ. რა ფასად იქნება მიღწეული ეს მომავალი კეთილდღეობა, რამდენი მოხუცი და ბავშვი უნდა დაიხოცოს შიმშილისა და სიცივისაგან შემდგომი აყვავების გულისთვის? როგორ ვერ გამოიანგარიშა ტექნოკრატმა კვირიკაშვილმა ეს საშინელი ციფრი?! ნუთუ მისთვის ეს - მომავალი კეთილდღეობის მისაღები საფასურია?!

 გიორგი კვირიკაშვილი სამაგალითო მეოჯახე, მართლმადიდებელი ქრისტიანია, ტაძარში სანთელს ანთებს და პატრიარქის წინაშე მუხლს იყრის, ამიტომ მისთვის ნებისმიერი კეთილი მიზანი თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი არ უნდა იყოს! ამბობენ, დიადი მიზნის მისაღწევად სტალინის დროს ხალხს ხვრეტდნენ, მაგრამ კვირიკაშვილისთვის მსგავსი მენტალიტეტი, რა თქმა უნდა, უცხოა.

 აი,  სტალინისეული მენეჯმენტი კი კვირიკაშვილს დამსახურებულად იზიდავს, მაგრამ მაშინ ბატონი გიორგი ბოლომდე თანმიმდევრული უნდა იყოს! მაგალითად, დედოლარიზაცია რომ გამოაცხადა, კვირიკაშვილმა პატიოსნად აღნიშნა, რომ ეს მისი ინოვაცია არ იყო, მაგრამ "დელიკატურად" მიაჩუმათა, რომ დედოლარიზაციის ავტორი სტალინი გახლდათ, რომელმაც რუბლი დოლარს "ჩამოხსნა" და ოქროს "მიაბა".

 "ამერიკელები ყველა საშუალებით შეეცდებიან, თავიდან მოიშორონ ჭარბი დოლარები, რომლებიც ომის დროს დაგროვდა და მათზე დამოკიდებული ბევრი ქვეყნის დასახმარებლად იქნა გამოშვებული. ჩვენ მოკავშირეებთან ერთად თავიდან უნდა ავიცილოთ მოვლენათა ამგვარი განვითარება. თუკი სოციალისტური ქვეყანა თავის ვალუტას კაპიტალისტური ქვეყნის ვალუტას მიაბამს, დამოუკიდებელი სტაბილური საფინანსო-ეკონომიკური სისტემა უნდა დაივიწყოს", - განაცხადა სტალინმა და დასავლეთზე ფინანსური და პოლიტიკური დამოკიდებულების მაგალითად  იუგოსლავია მოიყვანა, რომლის ვალუტა აშშ-ის დოლარზე იყო მიბმული. მაშინ სტალინმა თქვა: "ადრე თუ გვიან დასავლეთი ეკონომიკურად დაანგრევს და პოლიტიკურად დაანაწევრებს იუგოსლავიას" . ეს პროგნოზი სტალინის სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ გამართლდა, 1991-1999 წლებში, როცა ნატოს სამხედრო ბლოკმა იუგოსლავიაში სეპარატიზმს დაუჭირა მხარი, სამხედრო აგრესია გააჩაღა და ერთიანი ქვეყანა დაანაწევრა.

 1950 წლის 27 თებერვალს სტალინმა, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ჯოუ ენლაის თანდასწრებით, თავისი განთქმული ლურჯი ფანქრით გადახაზა მისთვის წარდგენილი გამოთვლები - დოლარის ეკვივალენტი რუბლებში - და წააწერა: "ყველაზე მეტი - 4 რუბლი" (1947 წლამდე 1 აშშ დოლარში 53 რუბლს იძლეოდნენ, შემდეგ კი - 5 რუბლსა და 30 კაპიკს).

 მეორე დღესვე - 1950 წლის 28 თებერვალს - გამოიცა სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილება:

 1. 1950 წლის 1 მარტიდან შეწყდეს რუბლის კურსის განსაზღვრა უცხოური ვალუტების მიმართ დოლარის ბაზაზე და ის გადაყვანილი იქნეს უფრო მდგრად, ოქროს საფუძველზე, რუბლში ოქროს შემცველობის შესაბამისად.

 2. რუბლის ოქროს შემცველობა განისაზღვროს 0, 222168 გრამი სუფთა ოქროთი.

 3. 1950 წლის 1 მარტიდან დადგინდეს სახელმწიფო ბანკის ოქროს შესასყიდი კურსი - 4 რუბლი და 45 კაპიკი 1 გრამი სუფთა ოქროსათვის.

 4. 1950 წლის 1 მარტიდან განისაზღვროს კურსი უცხოური ვალუტების მიმართ, პუნქტ 2-ში დადგენილი რუბლის ოქროს შემცველობიდან გამომდინარე - 4 რუბლი ერთი ამერიკული დოლარისთვის.

 5. დაევალოს სსრკ სახელმწიფო ბანკს, შესაბამისად შეცვალოს რუბლის კურსი სხვა უცხოური ვალუტების მიმართ. უცხოურ ვალუტებში ოქროს შემცველობის შემდგომი ცვლილებებისას ან მათი კურსის შეცვლისას სახელმწიფო ბანკმა დაადგინოს რუბლის კურსი უცხოური ვალუტების მიმართ ამ ცვლილებების გათვალისწინებით".

 აი, რა არის ნამდვილი დედოლარიზაცია! მაგრამ განა საქართველოს ეროვნული ვალუტის უზრუნველსაყოფად საკმარისი ოქროს მარაგი აქვს? არა. მაშ, თუ არც დოლარი და არც ოქრო, რასთან აპირებს ლარის "მიბმას" პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომელიც გვპირდება, რომ ხალხი ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყებს დოლარის კურსს? იქნებ ჯერ ისინი უნდა დავსაჯოთ, ვისი ბრალიცაა ლარის უპრეცედენტო დევალვაცია, ისევე, როგორც სტალინი დასჯიდა ჩინოვნიკებს, რომლებმაც რუბლის დევალვაცია დაუშვეს, თუმცა კი სტალინის დროს დევალვაცია ძნელი წარმოსადგენია?!
ჩვენ ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ დამნაშავეა ბანკირი ხაზარაძე, მერე ლამაზი ზღაპარი გვიამბეს "მამაც ლარზე, რომელიც თავისუფლად დაცურავს", მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება "მშობლიურ ნავსაყუდელში", როგორც კი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის ტრანში შემოვა. გადიოდა დრო, ტრანშიც შევიდა, ტრამპიც მოვიდა, მაგრამ ლარი "წყალქვეშა ნავი" აღმოჩნდა და "ჩაძირვა" განაგრძო... მაშინ სომხური დრამი გაახსენდათ და ორი ახალი "დრამა" გამოიგონეს: პირველი - "ლარი კი არ გაუფასურდა, დოლარი გამყარდა ჩვენი მეზობლების ეროვნული ვალუტებისა და მსოფლიო ვალუტების მიმართ"; მეორე - "ლარის გაუფასურება თურქული ლირის გაუფასურებამ გამოიწვია".

 მაგრამ საქართველოში "ნებისმიერმა მზარეულმა" იცის, რომ არავითარი მსოფლიო სავალუტო კატაკლიზმები ლარზე არ მოქმედებს, ვინაიდან "საქართველოს ეკონომიკა" იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ არის ინტეგრირებული მსოფლიოს ეკონომიკაში. რუსეთში ქართული ღვინის, "ბორჯომის" და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებას თუ არ ჩავთვლით, საქართველო ექსპორტიორი კი არა, იმპორტიორია, მიმწოდებელი კი არა, მომხმარებელია, ამიტომ ის არ არის ინტეგრირებული საგარეო ვაჭრობაში, თუმცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრად გვევლინება. შესაბამისად, ლარის კურსზე გავლენას მხოლოდ ქვეყნის შიგნით კაპიტალის ბრუნვა ახდენს.
 თურქული ლირის გაუფასურებას რაც შეეხება, სანამ ასეთ პოლიტიკურად უმწიფარ და ეკონომიკურად არაკომპეტენტურ განცხადებას გააკეთებდნენ, მთავრობაში, სადაც ლარი და ლირა ერთმანეთში აერიათ, უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ საქართველო თურქეთის ვილაიეთი არ არის. ხოლო ლირის გაუფასურება გამოწვეულია უკიდურესად არასტაბილური სიტუაციით თურქეთში, რომელიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებთან და ქურთებთან ორ ფრონტზე - ქვეყნის შიგნით და სირიაში.
 დიახ, კვირიკაშვილი მართალია - დოლარი ნამდვილად გამყარდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი გახდა, რის თაობაზეც საქართველოში “დელიკატურ” დუმილს ინარჩუნებენ. დოლარი იმიტომ გამყარდა, რომ ტრამპმა პირობა დადო, მომჭირნედ განკარგოს ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა დოლარები და მთელ მსოფლიოში არ ფანტოს ისინი "ფერადი რევოლუციების" და ომებისათვის; აღარ კვებოს ნატო და იმეგობროს პუტინთან; ივაჭროს რუსეთთან და არ გამოუცხადოს მას ეკონომიკური სანქციები, რამაც აშშ-ს ასტრონომიული ზარალი მოუტანა. ტრამპი არ აპირებს ამერიკის ბიუჯეტის ხარჯვას უკრაინაში გარჩევებისთვის და წყვეტს უპერსპექტივო პროექტებს მისთვის ნაკლებად საინტერესო ყველა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში.

 დიახ, კვირიკაშვილი მართალია - ლარის ამგვარი მკვეთრი დევალვაციის ფაქტობრივი წინაპირობები არ არსებობდა, ეს "პანიკისა და სპეკულაციის" ბრალია. მაგრამ პანიკის და სპეკულაციის პროვოცირება 1 იანვრიდან აქციზების გაზრდის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებებმა მოახდინა, რამაც დაშინებული ბიზნესი აიძულა, დოლარები მოემარაგებინა და წინასწარ გაეზარდა ბენზინის, სიგარეტის, მედიკამენტების ფასები, რამაც კვების პროდუქტების გაძვირება გამოიწვია. ახალი აქციზები, ავტომობილების განბაჟების ახალი ტარიფები, ქონების ახალი გადასახადები, ღორების პასპორტიზაცია და სხვადასხვაგვარი სანქცია მალე პურსაც აუცილებლად გააძვირებს.

 "რა თქმა უნდა, არჩევნებმა ჩაიარა, ახლა უმადურმა ხელისუფლებამ ახალი გადასახადებით და გაზრდილი ფასებით დახრჩობა დაგვიწყო, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვებისათვის ნასესხი და დახარჯული ფული დაიბრუნოს! მთავრობა იმ ფულით აპირებს ლარის გამყარებას, რომელსაც ჩვენივე ჯიბიდან ამოიღებს! და ეს იმის ნაცვლად, რომ რაიმეთი მაინც შეგვიმსუბუქოს ცხოვრება, რომელიც ყოველდღიურად უარესდება!" - აი, რას ამბობს უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ხალხი! პრემიერი კვირიკაშვილი კი, პირიქით, ამტკიცებს, რომ "2017 წელი ძალიან კარგი იქნება"...

 დიახ, კვირიკაშვილი მართალია - ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ლარს დაასტაბილურებს, მაგრამ მომჭირნეობას იქ არ ეწევიან და სამსახურიდან იმათ არ ითხოვენ, ვისი დათხოვნაც საჭიროა. გამოდის, რომ "ქართული ოცნების" დაპირებული 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის ნაცვლად უკვე არსებულს ამცირებენ! ადმინისტრაციულ ხარჯებს 10%-ით ვამცირებთ, თუმცა, 30%-ით შეგვეძლო, მაგრამ ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა" - აცხადებს კვირიკაშვილი. კი მაგრამ, რამდენად ჰქვია პასუხისმგებლობა ორმილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნისათვის 150 პარლამენტარის ყოლას და პარლამენტის ორი, ერთმანეთისაგან 220 კილომეტრით დაშორებული უზარმაზარი შენობის შენახვას?! პარლამენტართა ნახევარი მაჟორიტარებია, რომლებიც თავის ამომრჩევლებს 4 წელიწადში ერთხელ - არჩევნებისას ხედავენ, სხვა დროს კი თბილისსა და ქუთაისს შორის აწყდებიან. სწორედ ამიტომ ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომია პარლამენტარების რიცხვის 50-მდე შემცირებით უნდა დაიწყოს - აი, ასეთი ცვლილება უნდა მოამზადოს პირველ რიგში საკონსტიტუციო კომისიამ!

 ან რამდენად  ჰქვია პასუხისმგებლობა სირიაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას, როცა საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ხოლო რუსეთმა იქ უკვე ასობით ტონა სურსათი და მედიკამენტები, საველე ჰოსპიტლები და ექიმთა მთელი არმია გაგზავნა? აშშ და ევროპის ქვეყნები როგორმე საქართველოზე „ოდნავ“ მდიდრები არიან, მაგრამ სირიაში გრამი ჰუმანიტარული დახმარებაც კი არ გაუგზავნიათ!
 რამდენად ჰქვია პასუხისმგებლობა საქართველოში სირიელი ლტოლვილების მიღებას, როცა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები უკვე ამდენი წელია, ძაღლურ პირობებში ცხოვრობენ? სირიელი ლტოლვილები საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ და აქ სახლებს იყიდიან - აი, რატომ არ ცხოვრობს დღეს არცერთი მათგანი სამვარსკვლავიან თავშესაფრებში, რომლებიც მათთვის საგანგებოდ მოამზადა ზემოთ ხსენებულმა ლტოლვილთა საქმეების სამინისტრომ! როგორც იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, უცხოელებისთვის საქართველოში არავითარი დაბრკოლება არ არსებობს, ევროპაში კი სირიელ ლტოლვილებს უკვე აღარ ღებულობენ...
 კვირიკაშვილამდე უპასუხისმგებლობა იყო უკრაინაში მედიკამენტებისა და ექიმების თვითმფრინავებით გაგზავნა ბანდერელი ჯალათებისათვის და დაჭრილი მკვლელების საქართველოში, წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ჩამოყვანა.
 უპასუხისმგებლობა იყო რეცეპტების სისტემის შემოღება, რომელმაც არ გაამართლა და დღეისათვის ანულირებულია, თუმცა ამის გამოცხადებისგან “დელიკატურად” თავს იკავებენ! ეს გადაწყვეტილებაც კვირიკაშვილამდე იქნა მიღებული, ქაღალდების წერაზე უზარმაზარი საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა, ავადმყოფები კი რეცეპტის მისაღებად საათობით იტანჯებოდნენ პოლიკლინიკების რიგებში. საყოველთაო დაზღვევა მოსახლეობისთვის რომ საკმაოდ ძვირი ფუფუნება აღმოჩნდა, ცალკე სალაპარაკო თემაა...

 ავტოტექდათვალიერება, თუ ის მომავალი წლიდან იქნება შემოღებული, კიდევ უფრო დიდი უპასუხისმგებლობა იქნება და ისევე გაუქმდება, როგორც რეცეპტები!

 კვირიკაშვილი სტალინური მენეჯმენტის თანმიმდევრულად გამტარებელი რომ ყოფილიყო, დღეს სამაგალითოდ იქნებოდნენ დასჯილი დივერსანტები, რომლებმაც ერთდროულად ორი ელექტროგადამცემი ხაზი - ვერა 1 და ვერა 2 დააზიანეს, რის გამოც ამას წინათ ნახევარი თბილისი ჩაბნელდა! მესაბოტაჟეები, რომლებმაც ფოთის პორტი 5 მეტრის სიღრმის კუს ტბად გადააქციეს იმიტომ, რომ შტორმის შემდეგ არ გაწმინდეს! ამის გამო ხომალდები კვირაობით ყურყუტებდნენ ღია ზღვაში მალფუჭებადი საახალწლო ტვირთებით და ავტომობილებით, რომელთა პატრონებს მათი განბაჟება და გაყიდვა უკვე ახალი წლის შემდეგ მოუხდა, გაძვირებული ტარიფებით და აქციზებით! ქუთაისი-ბათუმის თანამედროვე სამგზავრო ელექტრომატარებელი №682 რატომღა დაიწვა?!  საეჭვოდ არ გეჩვენებათ "შემთხვევითი გულგრილობების" ეს საახალწლო სერია?!
 სამაგიეროდ, მთავრობა ვიზლიბერალიზაცია გვპირდება, რომელსაც საქართველოში მოუთმენლად ელოდებიან ძირითადა ისინი, ვისაც ევროპაში არალეგალებად გაქცევა სურს და ვისაც 16 ათასი დოლარი არა აქვს საელჩოში ქრთამის მისაცემად, რათა აშშ-ში გაიქცეს! მდიდარი ქართველები ხომ ყოველთვის დასეირნობდნენ ევროპაში, საშუალო შეძლების მოქალაქეები ტურისტული საგზურებით სტუმრობდნენ შენგენის ქვეყნებს, ქართველი ხალხის უმეტესობა კი, კვირიკაშვილის ყველა აქციზისა და ბეგარის შემდეგ, ლუკმაპურზე ოცნებობს და არა ევროპაზე!  ყველა დროისა და ხალხის ბელადისეული "რკინის ფარდის" მომხრე არ ვარ, მაგრამ ვშიშობ, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად დაცარიელდება. რუსეთში წასული მილიონის კვალდაკვალ კიდევ მილიონი ევროპაში წავა ემიგრაციაში, სამაგიეროდ, დარჩენილი მილიონის გამოკვება იოლი იქნება...
 შემთხვევით ვისარგებლებ და ბატონ კვირიკაშვილს კიდევ ერთ იდეას მივაწოდებ - როგორ შეამციროს სწრაფად ქვეყნის მოსახლეობა: საქართველოში სასწრაფოდ უნდა მოხდეს მარტო მარიხუანას კი არა, ყველა ნარკოტიკის ლეგალიზაცია! დაე, ამოწყდეს ყველა, ვისაც სიკვდილი უნდა, სამაგიეროდ, მთავრობას ბევრად ნაკლები პრობლემა ექნება! "არ არის ადამიანი - არ არის პრობლემა!" – ამბობდა იოსებ ბესარიონის ძე, რომელსაც წარუმატებლად ჰბაძავს პრემიერი კვირიკაშვილი.

 თუმცა, მხოლოდ სტალინისათვის მიბაძვაში კვირიკაშვილის დადანაშაულება უსამართლობა იქნებოდა - საქართველოს დღევანდელ პრემიერს საკუთარი "ნოუ-ჰაუც" აქვს: მე წმინდა კვირიკეს გამოცხადება ვუწოდე კვირიკაშვილის ინტერვიუს გაზეთ «Die Zeit”-სათვის, რომელშიც ჩვენი პრემიერი ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას გულწრფელად აღიარებს, რომ "ნატოში საქართველოს შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ჩვენ, უბრალოდ, გვინდა, ტრანსატლანტიკური და ევროპული კლუბების წევრები გავხდეთ, ამიტომაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ეშინია რუსეთს?".

 ამაშიც მართალია კვირიკაშვილი - ქართული ბნელიტა და ბოზმონდი  თუნდ აშიმშილე, ოღონდ „სვეტსკი“ კლუბებში გაპრანჭვის და დროსტარების საშუალება მიეცი...

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 16 იანვარი