საზოგადოება
რესპუბლიკური პარტიის განცხადება „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე

  საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს რესპუბლიკური პარტია ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „2016 წლის ბოლოს საკონსტიტუციო უმრავლესობით ხიბლში ჩავარდნილმა ხელისუფლებამ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი დაგვაყენა ფაქტის წინაშე - რუსულ მხარეს შეუთანხმდა 2-წლიანი ხელშეკრულების დადებაზე, რომლის დეტალებზე ხელისუფლება არც გვესაუბრება. თუმცა, ის კი აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადის ანაზღაურების ფულად ფორმაზე, რაც წამგებიანია ფინანსურად და სახიფათოა პოლიტიკურად.

 ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს „გაზპრომთან“ წინასწარ მიღწეული შეთანხმების დეტალები და ამჟამადაც გაგვცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე:

 მოლაპარაკების დაწყებამდე ენერგეტიკის მინისტრი აცხადებდა, რომ საქართველოსთვის მიუღებელია "გაზპრომის" წინადადება, მიიღოს ფინანსური ანაზღაურება ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ. რამ განაპირობა 25 დღეში პოზიციის ამგვარი მკვეთრი ცვლილება?

 რამდენი $ შემოვა ბიუჯეტში ტრანზიტის მეშვეობით და ამ ახალი ხელშეკრულების პირობებში?

 რას ნიშნავს პირველი წელი იქნება ნაწილობრივ ფინანსური და ნატურით გადახდილი და მეორე წელი მთლიანად ფინანსური, მაშინ, როცა საქართველოში გაზის მოხმარება წლიდან წლამდე 5 დან 20%-ით მატულობს?

 რატომ იდება ხელშეკრულება 2 წლით წინასწარ და არა ერთი წლით?“.