საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად რჩება, თუმცა მისი დემოკრატიულობის მაჩვენებლები გასულ წელს მცირედით გაუმჯობესდა, ნათქვამია Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში.
ორგანიზაცია „თავისუფლება მსოფლიოში 2011“ იკვლევს 194 სახელმწიფოსა და 14 ”სადავო ტერიტორიაზე” არსებულ სიტუაციას მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით და ასახავს 2010 წელს განვითარებულ მოვლენებს.
თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას ენიჭება სტატუსი "თავისუფალი“, "ნაწილობრივ თავისუფალი“ ან "არა თავისუფალი“ პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით 1–დან 7–მდე შკალაზე, სადაც 1 წარმოადგენს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებად თავისუფალს.საქართველოს ქულა პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში უცვლელი დარჩა და წინა ანგარიშის მსგავსად, კვლავ 4–ზე შენარჩუნდა; თუმცა ბოლო კვლევაში საქართველოს მაჩვენებელი სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში გაუმჯობესდა და მას 4–ის ნაცვლად 3 ქულა მიენიჭა.
Freedom House-მა ეს გაუმჯობესება დაუკავშირა "შემცირებულ პოლიტიკური არასტაბილურობას, რის წინაშეც ქვეყანა 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ აღმოჩნდა“.
კვლევაში ნათქვამია, რომ გაუმჯობესების კიდევ ერთი მიზეზია "მედიის უფრო გამრავალფეროვნება, მათ შორის ოპოზიციური ტელეკომპანიის „მაესტროს“ მიერ სატელიტური მაუწყებლობის დაწყება“.
ტელეკომპანია "მაესტრომ“ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან 2009 წლის ივლისში მიიღო. ტელეკომპანიამ სატელიტზე მაუწყებლობა 2010 წლის მაისში დაიწყო, თუმცა რამოდენიმე თვეში სატელიტზე მუწყებლობის შეჩერება მოუწია, რის მიზეზადაც ფინანსური პრობლემები დაასახელა და მას შემდეგ არხი მხოლოდ საკაბელო ტელევიზიებით ვრცელდება, ძირითადად, თბილისში.
Freedom House-ის ანალოგიურ კვლევაში, რომელიც 2008 წლის პერიოდს მოიცავს, საქართველომ არჩევითი დემოკრატიების რიგები დატოვა, „რაც განპირობებულია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზებით“. წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაშიც საქართველო კვლავაც იგივე კატეგორიაში რჩება.
კვლევაში ასევე მოხსენიებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც ”სადავო ტერიტორიების” ნუსხაში გადიან. წინა ანგარიშების მსგავსად სამხრეთ ოსეთს "არა თავისუფალის,“ ხოლო აფხაზეთს "ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვთ მინიჭებული.