საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ გაემგზავრა. ასეული საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააცილეს. I ბრიგადის ასეული ავღანეთში II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებს.
„გაძლიერებული ასეული ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად გავაცილეთ. ასეულმა ხუთი თვის განმავლობაში საუკეთესო წვრთნები გაიარა გერმანიაში და სწორედ გერმანიის სარდლობის დაქვემდებარებაში განახორციელებს მისიას. მე უკვე ორჯერ ვესტუმრე მაზარ-ი-შარიფს და გერმანელი გენერლებისგან ძალიან მაღალი შეფასება მოვისმინე იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ჩვენი სამხედროები ადგილზე ეწევიან“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა მოკავშირე და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა და სწრაფი რეაგირება იქნება.