უცხოეთი
სააკაშვილის პარტია პოლიტიკოსთა უმრავლესობამ დატოვა

  საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა პარტია ”ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს.

  შესაბამისი განცხადება "ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთდა. პარტია დატოვეს 38  ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.

  „დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა. თქვენ ხედავთ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდა პარტიას, რომლებმაც იბრძოლეს წლების განმავლობაში და, რომელთა დამსახურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არსებობს როგორც პარტია. ეს ხალხი არის სახე და ხერხემალი პარტიის. ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორიც უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

  ამასთან, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ირმა ნადირაშვილი,  ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ოთარ კახიძე, ახმედ იმამკულიევი, ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე და სხვები.

  "ჩემთვის დღეს არის ნაციონალური მოძრაობის გათავისუფლებისა და ხალხისთვის დაბრუნების დღე",-ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს.

  „ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა ნაციონალური მოძრაობის ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება.

განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა.

დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა.

მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი”, - წერს სააკაშვილი.