საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება და დაამტკიცა უცხოური სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა. მისი მოქმედება 2017 წლის 17 იანვარს დაიწყება და 2 თვეს გასტანს.
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება.
„აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს, მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1 იანვრისთვის, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
"საბოლოო ჯამში, პროგრამის მიზანია ვალუტის რყევების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირება სესხების მომსახურების ნაწილში, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას აღარ გაეზრდება და შეუმცირდება ყოველთვიური გადასახადი, რასაც ისინი, ვალუტის რყევის შემთხვევაში, სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში იხდიდნენ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.