საზოგადოება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს სულხან ღლონტი უხელმძღვანელებს

  საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ სულხან ღლონტი დაინიშნა. დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი თავმჯდომარე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ წარუდგინა.

 სულხან ღლონტი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ დეპარტამენტში რაიმე სახის ხელოვნური საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ის მზადაა, თავისი გამოცდილება და განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით დეპარტამენტის ეფექტიან საქმიანობასა და რეგიონში ტურიზმის განვითარებას მოახმაროს.

 სულხან ღლონტი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, პროფესიით – საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები/კურსები ევროპასა და ამერიკაში. 2012 წლიდან იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნების შემდეგ მას პოლიტიკური მოღვაწეობა არ გაუგრძელებია.