პოლიტიკა
საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის საზღვრისაკენ მიმავალი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე ახალი ხიდი აშენდება, გადმოსცემს სააგენტო sputnik-georgia საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე დაყრდნობით.
ახალი ხიდი სოფელ კობთან გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებული ხიდის ალტერნატივა გახდება, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარება.
„განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის, ტურისტებისა და სატრანზიტო გადაზიდვების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ყაზბეგის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი ხიდი ბიუჯეტს 1.78 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდება.