საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პარტიის წევრთა აზრი ორად გაიყო. უთანხმოება თანაგუნდელებს შორის დღითიდღე მძაფრდებოდა. დაძაბული ვითარება ერთმანეთის მსუბუქი კრიტიკით დაიწყო და სოციალურ ქსელში "სტატუსებით ბრძოლაში" გადაიზარდა.
ეს ის შემთხვევა იყო, როცა "ჭირმა თავი ვერ დამალა", რადგან Facebook-ზე სტატუსებით გაჩაღებულ ომში გაირკვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება საპარლამენტო არჩევნებამდე გაცილებით ადრე დაიწყო. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების გამო გარიგება მაინც შედგა და მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ფორმალური ერთობა შეინარჩუნა.
ბოკერია-ბაქრაძის გუნდისა და სააკაშვილ-ახალაიების გუნდის შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაცილებით ადრე "აიპრესთან" "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურმა მხარდამჭერმა, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, ანდრო ბარნოვმა ისაუბრა:
"წავედი უმტკივნეულო დროს. მაშინ იყო "რუსთავი 2"-ის ძალიან სერიოზული პრობლემა. ზეწოლა მათზე, აქციები და რაღაცები. მე ამ აქციებში ვმონაწილეობდი. მანამდე მინდოდა წასვლა, მაგრამ არ წავედი იმიტომ, რომ ეს მოვლენები იყო. დაველოდე, სანამ ეს პროცესები გაივლიდა. ბოლომდე ვმონაწილეობდი. როგორც კი გადაიარა ოდნავ ამ საფრთხეებმა, იმ წამსვე წავედი. ერთი საათიც კი აღარ მომიცდია. არც კონკრეტული კონფლიქტი იყო იმ წამს, არც არაფერი. უბრალოდ, ყელში იჯდა ეს ყველაფერი. იქ აღარ გავჩერდებოდი. ერთი მარტივი მიზეზის გამო. მე ამ მარაზმატიკებს ჩემს იმიჯს ვერ გადავულოცავდი."
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისგან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უმეტეს შემთხვევაში თავს იკავებდნენ, სამაგიეროდ დაუფარავად წერდნენ თავიანთ მოსაზრებებსა და შეხედულებებს Facebook-ზე. მიმდინარე მოვლენებში აქტიურად გახლდათ ჩართული პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.
"საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რაიმე შეიცვლება, რა თქმა უნდა, უაზრობაა. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ლეგიტიმაციის ძალიან უხეში დარღვევის პირობებში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ",- ამის სესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს განაცხადა
მეორე დღესვე, 11 ოქტომბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა: "არჩევნების შემდეგ დისკუსია და კამათი ბუნებრივია, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ვალია, ეს კამათი არ გადაიზარდოს ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერებსა და განხეთქილებაში".
მიხეილ სააკაშვილის იმედები არ გამართლდა და ვერც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოიხადეს ნახსენები ვალი პირნათლად...
პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით პარტიამ არჩევნების მეორე ტურშიც მიიღო მონაწილეობა და 27 დეპუტატით პარლამენტშიც შევიდა. დეპუტატის მანდატზე უარი მხოლოდ ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა თქვა. ერთადერთი აზრი, რომელზეც "ნაციონალურ მოძრაობაში" ერთსულოვნად თანხმდებოდნენ გაყალბებული არჩევნები იყო.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევდა, რომ პროცესი სამართლიანად და დემოკრატიულად არ წარიმართა.
"საბოლოო ჯამში ის წნეხი, რომელიც მთელ ქვეყანაში იყო ამ არჩევნების მთავარი პრობლემა გახლდათ. ამიტომ არ იყო ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები",- განმარტავდა ბოკერია.
თუმცა აქვე, არჩევნების გაყალბებაში დარწმუნებულებს დეპუტატობის მანდატზე უარის თქმა ბრძოლის დანებებად მიაჩნდათ და მათი ხედვით, პარლამენტში შესვლა აუცილებელი იყო. ბოკერია განმარტავდა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა ბარიკადი უდნა გამოეყენებინა. ბარიკადებს შორის იყო საპარლამენტო ტრიბუნაც...
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდა, მაგრამ უთანხმოება ამით არ დასრულებულა. პარტიის ზოგიერთი წევრის მხრიდან გაისმა ირიბად გაკეთებული განცხადებები, რომლის მიხედვით ოპოზიციური ძალის დამარცხება წინასაარჩევნო გარემოში მიხეილ სააკაშვილის აქტიურმა მონაწილეობამ გამოიწვია, რომელიც მოსახლეობას საქართველოში დაბრუნებას და გამარჯვების ზეიმს ჰპირდებოდა, თუნდაც "გვირაბის გათხრის" გზით...
პროცესებს მიღმა არც პარტიის ის წევრები დარჩენილან, რომლებიც ამჟამად სასჯელს იხდიან. 4 ნოემბერს თბილისის ყოფილი მერის და "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს ციხიდან მიმართა.
უგულავას წერილით "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი ფრონტის ხაზი გაიხსნა.
"არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ჩვენს მომხრეებში აქტიურად განიხილებოდა საკითხი - რა როლი ითამაშა მიშას მიერ დაანონსებულმა - მე გადმოვცურავ ზღვამ. თავისთავად ცხადი იყო, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მოიგებდა, მიშა სააკაშვილი აიღებდა ოდესა-თბილისის რეისზე ბილეთს და შეძლებდა სამშობლოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლას. ეს თავისთავად ცხადი იყო და ამას დამატებითი ხაზგასმა არ სჭირდებოდა. მაგრამ პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პასუხის არქონა ერთ საკვანძო საკითხზე - ვინ არის თქვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატი? პარტია ამ შეკითხვაზე დაბნეული, პირდაპირ ვთქვათ, ბლუყუნებდა. როგორ წარმოგვიდგენია ასეთ პირობებში გამარჯვება? როგორ შეიძლება გამარჯვების იმედი გქონდეს და არ იყო მკაფიო მთავარ საკითხში",- წერდა უგულავა.
არჩევნებით გამოწვეულმა ციებ-ცხელებამ თითქოს გადაიარა, მაგრამ წინ ახალი დაპირისპირება იყო.
30 ნოემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, როგორი ფორმატით ჩატარდებოდა დაგეგმილი ყრილობა. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გუნდში რადიკალურად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ. ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ ყრილობა ფართომასშტაბიანი უნდა ყოფილიყო, რომელშიც მონაწილეობას 7000 დელეგატი მიიღებდა. მეორე ნაწილი მიიჩნევდა, რომ ყრილობა 2000 კაციანი დელეგაციით უნდა ჩატარებულიყო.
მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ "ნაცმოძრაობა" ახალი თავმჯდომარის არჩევა-არარჩევის საკითხზეც იმსჯელებდა, რაც პარტიაში მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებისთვის პირდაპირ ნიშნავდა თავიანთი ლიდერისგან გამიჯვნას.
პოლიტიკური საბჭოს ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე, მისმა 22 წევრმა განცხადებაც გაავრცელა. განცხადების ხელმომწერების აზრით, სააკაშვილისგან გამიჯვნა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. განცხადებას ხელს აწერდნენ: ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, აკაკი მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, პაატა ლეჟავა, კახა ბუცხრიკიძე, ირაკლი ქავთარაძე, ირაკლი ნადირაძე, გიორგი კარბელაშვილი, ომარ მეგრელიძე, გიორგი პატარაია, გოჩა კუპრავა, კობა ხაბაზი, გოჩა ლემონჯავა, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი.
30 ნოემბერს პარტიაში კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებას ჩაეყარა საფუძველი.
"ბოკერიას შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია. ის ამბობს, რომ პარტიას უკეთესი შედეგი სააკაშვილის გარეშე ექნება. ეს ელექტორალურ თვითმკვლელობას ნიშნავს. შეთანხმება ძალიან ძნელია“,- აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს დაწყებამდე. წიკლაური აქვე არც ბოიკოტს გამორიცხავდა იმ შემთხვევაში, თუ ყრილობა მცირე მასშტაბით, ანუ 2000 დელეგატით ჩატარდებოდა.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა 24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ვიდეომიმართვა, სადაც საუბარი სწორედ ხსენებულ ყრილობაზე იყო. სააკაშვილს საკუთარი ვარიანტი ჰქონდა.
"ვიცი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახლა ამზადებს ყრილობას. პარტია არასდროს ყოფილა ერთი ლიდერის, ან ვიწრო ჯგუფის საკუთრება. "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩვენი ხალხი, ჩვენი აქტივი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე პარტიის რაღაც ჯგუფი, ან ფორმალური რაღაც ორგანო. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 2003 წლიდან მოყოლებული ჩვენი ყრილობა იყო ყოველთვის ძალიან მრავალრიცხოვანი და პატარა ყრილობა აბსოლუტურად არასწორი იქნებოდა!“,- აცხადებდა სააკაშვილი.
25 ხმა 24-ის წინააღმდეგ - "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 20 იანვარს ჩაინიშნა, რომელსაც 7000 დელეგატი უნდა დაესწროს. ფართომასშტაბიანი ფორმატის ყრილობის იდეამ გაიმარჯვა, რაც მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების გამარჯვებას ნიშნავდა.
50 წარმომადგენლიდან ერთმა თავი შეიკავა, ხოლო 25-მა "გახსნილობას" დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პარტიის ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი დელეგატების ოვაციამ, რომელიც "მიშა", "მიშას" შეძახილში გამოიხატა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პარტია ორად გაიყო.
ჩამოყალიბდა ე.წ ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა, რომელთა რიგებში პარტიის ახალი სახეებიც არიან. მეორე მხარეს კი მიხეილ სააკაშვილი იდგა თავის მოაზრეებთან ერთად. სწორედ აქედან დაიწყო გაცხადებული და მწვავე დაპირისპირება თანაგუნდელებს შორის.
ამ "ომში" ბოკერია-ბაქრაძის ფლანგისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილის ფლანგი საკმაოდ რადიკალურად განცხადებების კეთებით გამოირჩეოდა.
თითქმის ყოველდღე სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიმართ ახალი ბრალდებები ისმოდა. ბრალდებებს მოჰყვებოდა პასუხები, შემდეგ პასუხის პასუხები. კულმინაცია მაშინ დადგა, როდესაც სააკაშვილმა ყოფილი თანაგუნდელები "ბლანჟეიანებად" და „პეროიანებად“ მოიხსენია...
დავით ბაქრაძემ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის პრეტენდენტად მოიაზრებოდა განმარტა, რომ ის ყრილობაზე საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებდა.
24 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს 24 წევრმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც ყრილობის ლეგიტიმაციის საკითხს ეჭვქვეშ დააყენეს.
„როგორც ირკვევა, ყრილობის საორგანიზაციო კომისია უკვე ფუნქციონირებს დადგენილი წესის გვერდის ავლით და არ აქვს პარტიის პოლიტიკური საბჭოს ლეგიტიმაცია, რასაც ცალსახად მოითხოვს პოლიტიკური საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებული წესის პუნქტი 5.2. ამ პუნქტის მიხედვით, „საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გაერთიანების პოლიტსაბჭო. საორგანიზაციო კომისიის ერთი წევრის წარდგენის უფლება აქვს პოლიტსაბჭოს ოთხ წევრს. პოლიტსაბჭოს ერთ წევრს უფლება აქვს მხოლოდ ერთ წარდგინებაზე მოაწეროს ხელი“,- აღნიშნულია განცხადებაში.
3 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის წევრებს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
"2016 წლის 30 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2017 წლის 20 იანვარს პარტიის ყრილობის გამართვის თაობაზე.
ყრილობის ორგანიზებისთვის პოლიტიკურ საბჭოს უნდა განესაზღვრა სპეციალური კომისიის შემადგენლობა, რაც არ მომხდარა, შესაბამისად, ყრილობის ორგანიზება შევიდა იურიდიულ ჩიხში.
ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციების ზოგიერთი თავმჯდომარე აპირებს დელეგატთა შესარჩევად კონფერენციების მოწვევას, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ კონფერენციის ჩატარების წესი არ არის განსაზღვრული პარტიის წესდებით, აგრეთვე პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც უნდა გაწერილიყო კონფერენციების ორგანიზების წესი - არ შედგა, შესაბამისად, არალეგიტიმურად ჩატარებული კონფერენცია არ იქნება უფლებამოსილი და იურიდიული ძალის მქონე.
კონფერენციების გარდა, სამართლებრივად აგრეთვე დაურეგულირებელია, თუ როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი და როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური და მას ვერ ექნება პარტიისთვის სამართლებრივი შედეგები".
რატიანის ამ წერილს რამდენიმე საათში მოჰყვა ორი რაიონული ორგანიზაციის, გურიისა და აჭარის პასუხები:
„ენმ" აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია ცალსახად ემიჯნება ამ განცხადებას და მიაჩნია, რომ 20 იანვარს დანიშნული ყრილობა აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში.“
"ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია ეხმაურება,ამავე პარტიის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის განცხადებას.
მიგვაჩნია, რომ პარტიის ნებისმიერი ლიდერი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს პოლიტ. საბჭოს 2016 წლის 30 ნოემბერს უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.“
პარტიაში დაპირისპირების დამალვას აზრი აღარ ჰქონდა...
დღეს, 5 იანვარს 15:00 საათზე ნიკა მელიას ბრიფინგი იყო ჩანიშნული. დღესვე გახდა ცნობილი, რომ 14:00 საათზე ბრიფინგს სერგო რატიანიც მართავდა. მან საზოგადოებას განცხადება გააცნო, რომელსაც ხელს ენმ-ს რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, თბილისის საქალაქო ორგანიზაციაში შემავალი რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარები და მაჟორიტარობის კანდიდატები აწერდნენ. სულ 38 ადამიანი... განცხადების მთავარი შინაარსი ყრილობის არალეგიტიმურობა იყო. რატიანმა კი განმარტა, რომ პარტია ორადაა გაყოფილი და პროცესები ჩიხშია შესული.
დაახლოებით 1 საათში ნიკა მელია საზოგადოების წინაშე ისევ განცხადებით წარსდგა, ოღონდ მისი შინაარსი რადიკალურად განსხვავებული იყო მის იმ პოზიციებთან შედარებით, რასაც მთელი ამ ხნის მანძილზე აფიქსირებდა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ნიკა მელიამ ბოკერიას ფლანგიდან სააკაშვილის ფლანგზე გადაინაცვლა.
მელიას განცხადების მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მცირე ჯგუფი არსებობს, რომელთაც ვიწრო პარტიული ინტერესები აქვს და მათი სურვილი მხოლოდ თანამდებობისა და პოზიციების შენარჩუნებაა. თბილისის და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებიდან და მაჟორიტარობის კანდიდატებიდან ამ იდეას 74 ადამიანი იზიარებს.
„ისინი ყრილობისადმი საბოტაჟს ცდილობენ, რაც თავშივე განწირულია“,- აღნიშნა მელიამ და აქვე დაამატა, რომ 20 იანვარს ყრილობა საზეიმო ვითარებაში ჩატარდება.
„20 იანვარი „ნაციონალური მოძრაობის“ განახლების დღე იქნება“, - განაცხადა მან.
არ არის გამორიცხული ე.წ ბოკერია-ბაქრაძის ფრთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ყრილობის ჩატარებამდე წავიდეს. ამ შინაარსის კითხვა დღეს სერგო რატიანმა უპასუხოდ დატოვა...
საზოგადოებამ და დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამ იცის. პარტია იმ სახით, როგორც დღემდე არსებობდა აღარ იარსებებს. რა სახით განახლდება „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ განაგრძობს ის არსებობას, ვინ წავა და ვინ დარჩება, ეს ყველაფერი ცნობილი 20 იანვრის შემდეგ გახდება.