საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმრო დაწესებულებასთან უგულავას ოჯახის წევრები, ახლობლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, შესაბამისად, უგულავამ საპატიმრო დატოვა.
„მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან. მიხარია, რომ ის შობის დღესასწაულს აღნიშნავს თავის შვილებთან და მეგობრებთან ერთად“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ამგვარად, ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურისძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი. ამავე დროს, მგონი აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად",-წერს სააკაშვილი.
"პირველ რიგში მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა პოლიტპატიმარს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყვას პოლიტპატიმრები და ჩვენი ყველას ამოცანაა, ეს პროცესი დასრულდეს. სანამ ჩვენ ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამდე ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკა იქნება უკიდურესად რადიკალური, პასუხისმგებელი ამაზე ყოველთვის იქნებიან უმრავლესობა და მთავრობა. უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას, თუ ის გამოცხადებს ამნისტიას. ეს მას მხოლოდ ღორსებას შესძენს. თუ ამას ვერ ახერხებენ მთავრობა და უმრავლესობა, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, მისი საკონსტიტუციო მოვალეობაა, გაასწოროს ის ნაკლოვანებები, რაც აქვს მთავრობას. საქართველოში დადგა დრო, როცა უფრო მნიშვნელოვანია მოწყალება და არა სამართალი და ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.
ამის შესახებ უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც უგულავამ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის გარდა, შეხვდება პარტიაში ყველა ჯგუფის წარმომადგენლებს.
"თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს, რომ პარტიაში არსებული კრიზისი დაიძლიოს, მე ძალისხმევას არ დავიშურებ, ჩემი ვალდებულებაა, ეს ვცადო. მაგრამ თუ ამის შანსი არ არსებობს, ჩემი პირადი პოზიციაა, ასეთი სამარცხვინო ფორმით არ მოხდეს ყველაფერი, როგორც ახლა ხდება. თუმცა, ძველი ურთიერთობის ფორმები ვერ აღდგება, რადგან დრო მიდის და დრო ყველაფერს ცვლის",-აღნიშნა გიგი უგულავამ.