საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა ჯონ ბრენანმა ერთ–ერთი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ მზადდება ანგარიში, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას შეეხება.
ანგარიშის სამშაბათს დაგეგმილი პრეზენტაცია გადაიდო, რამაც სკეპტიციზმი გამოიწვია აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან.
ტელეარხ ფი–ბი–ესზე გასულ ინტერვიუში სათაურით „ვისაც ეჭვი ეპარება რუსეთის ჩარევაში, დაელოდოს ანგარიშს“ ბრენანმა განაცხადა, რომ სადაზვერვო სამმართველოს ანგარიში რუსეთის აქტივობებს ეძღვნება კიბერსივრცეში აშშ–ის ბოლო სამპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, რომელშიც დონალდ ტრამპმა მოიპოვა გამარჯვება.
„ანგარიშში მოცემული იქნება ინფორმაცია, რას აკეთებდა რუსეთი, როგორ აკეთებდა ამას და საიდან ვიცით ჩვენ ამის შესახებ“, – აღნიშნა ბრენანმა.
ანგარიშის პრეზენტაციის გადატანის ფაქტს ტრამპი თავის ტვიტერზე გამოეხმაურა.
„დაზვერვის ანგარიშის პრეზენტაცია ეგრეთწოდებულ „რუსი ჰაკერების თავდასხმაზე“ პარასკევისთვის გადაიდო. ალბათ დრო ჭირდებათ, რომ საქმე აღძრან. ძალიან უცნაურია!“ – დაწერა ტრამპმა.
ოქტომბერში აშშ–ის სპეცსამსახურებმა რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულეს ამერიკულ პოლიტიკურ სტრუქტურებზე ჰაკერულ თავდასხმებში.
დეკემბრის ბოლოს აშშ–დან 35 რუსი დიპლომატი გააძევეს და რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს. აშშ–ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს რუსულ კიბერთავდასხმებზე საპასუხო ნაბიჯებია.