საზოგადოება
სიმონიშვილი: „ყაზტრანსგაზი“ გაზის მოხმარებას მაქინაციებით ვერ გაზრდის

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. თბილისის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პრეტენზიები გაზგამანაწილებელი კომპანიის მიმართ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობის ზრდასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია, მიაჩნია ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს.

 „მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, თითქოს გაზგამანაწილებელი კომპანიები ბუნებრივ აირს ზოგჯერ ჰაერს ურევენ, ზოგჯერ კი სხვა გაზს, რათა გაზარდონ  დახარჯული გაზის მოცულობა, კალორიულობა შეამცირონ, რათა მეტი დაიწვას, ენერგია კი ნაკლები გამოიყოს და შედეგად მეტი გადასახდელი დაგროვდეს. მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ტექნიკურად შეუძლებელია“, - განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.

 „ვინმეს რომც მოუვიდეს თავში აზრად, ხალხს გაზი გაუძვიროს, ამის განხორციელებას ფიზიკურად ვერ შეძლებს“, - მიაჩნია ექსპერტს. 

 სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა ქვითრები გაავრცელეს და განაცხადეს, რომ 2016 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯმა საგრძნობლად მოიმატა. ამ ინფორმაციას ”ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორი ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. თურმანიძემ ასევე აღნიშნა, რომ ტარიფი არ გაზრდილა და ამ ეტაპზე არც კომპანიას აქვს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ტარიფზე განაცხადი  შეტანილი.