საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. პოპულარულმა ჟურნალმა Vogue-მა 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, სადაც ტოპათეულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.
Vogue-ის ჟურნალისტის ჯენ მერფის თქმით, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ახალგაზრდებისთვის ბრუკლინის სტილის გასართობ ცენტრად იქცა და ქვეყანა ცნობილი გახდა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის.
"საქართველო მზად არის, მოთხილამურეებისთვის და სნოუბორდის მოყვარულებისთვის ზამთრის ტურისტული მიმართულების ახალ ცენტრად იქცეს. ზამთრის სპორტის მოყვარულებს საქართველოში კავკასიონის მთების ხელშეუხებელი რელიეფი იზიდავთ", - წერს ჯენ მერფი.
საქართველოს გარდა, Vogue-ის საუკეთესო ათეულში არიან ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო(აშშ), იორდანია, დანია და კოლუმბია.