უცხოეთი
სტამბულში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. სტამბოლში ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. დაჯგუფების მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ნათქვამია, რომ "ხალიფატის ჯარისკაცმა განახორციელა თავდასხმა კლუბზე, სადაც ქრისტიანები წარმართულ დღესასწაულს ზეიმობდნენ".

 თურქეთის უმსხვილეს ქალაქში ღამის კლუბ Reina-ზე თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. შეიარაღებული პირი კლუბში მაშინ შეიჭრა, როდესაც იქ მყოფი ხალხი ახალ წელს ზეიმობდა. თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო, მას ამ დრომდე პოლიცია ეძებს.

 როგორც BBC იტყობინება, კლუბი პოპულარული იყო როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ტურისტებს შორის. მსხვერპლთა შორის არიან საფრანგეთის, ბელგიის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ისრაელის, ლიბანის, ლიბიის, იორდანიის მოქალაქეები. სულ დაღუპულთა შორის 16 უცხოელია. თავდასხმის დროს კლუბში რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა.