საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს ახალი წლის დადგომა მიულოცა.
"ყველას გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს იმ განსაცდელებისთვის, იმ სიყვარულისთვის, რომელიც მოგვივლინა. ღმერთმა ინებოს, რომ მომავალი წელი იყოს ბედნიერი, მშვიდობიანი, სასიხარულო. იმედით უნდა ვუყუროთ ჩვენს მომავალს და ვიფიქროთ ჩვენს სამშობლოზე. როცა ჩვენ ვფიქრობთ, რას მოგვიტანს მომავალი წელი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ რას გავაკეთებთ სამშობლოსთვის. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს შრომის გარეშე, მისი მოღვაწეობა უნდა იყოს სამშობლოს საკეთილდღეოდ. მე იმედით ვუყურებ საქართველოს მომავალს. მინდა, დავლოცო დღეს აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონი, მთელი საქართველო და გისურვოთ, რომ დადგეს ის დრო, როცა ჩვენ ერთად გავიხარებთ, ერთად გავიზიარებთ ჩვენს მთლიანობას და ბედნიერებას. ბედნიერი იყავით, ამინ", - ბრძანა საახალწლო მილოცვაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.