მტრედისფერმა განთიადმა იმძლავრა. გათენდა. ქალმა ძროხა მოწველა და ეზოში გამოიყვანა. ქათმებს საკენკი დაუყარა, ძროხამ თავით კუტიკარი გააღო, გარეთ გავიდა და სანამ ნახირი ჩამოივლიდა, ღობის ძირში ამოსულ ბალახს მიეტანა.
- ქარუმ, სადა ხარ, კაცო?- ქალმა დაუძახა, რომელიც ბაღჩიდან თოხით ხელში გამოვიდა.
- რა მოხდა, დედაკაცო, რა მეგელანდა?! - გაუწყრა.
- შენ გინდა მოლანდება დაუძახე, იმ სევდა-ხალამ ხომ დაგვსვა ვენახიდან მშრალზე თავისი ნათაღლითარი შხამებით, ნუშიღა გადაგვირჩა. მაგას ნამუსი ხო არა აქვს, მიხედე, თორე მაიპარამს.
- იგეთი წარწერა გავუკეთე, შიშით ახლოსაც არ მიეკარებიან, - ჩაილაპარაკა.
- იგეთი რა წარწერა მაიგონე?
- მაგარი შხამით არის შაწამლული მეთქი, თანაც ზედ კაცის თავის ქალა დავახატებინე.
- თავის ქალა კი არა, მთელი ჩონჩხი რო დაუყენო ყარაულად, სევდას ვერ დააფრთხობ. მაგაზე კარგად ვინ იცის ყალბი შხამების ამბავი; დროზე მიხედე, თორე ეგ არ მაისვენებს, - ქალი ცხარობდა.
- დღეს წავალ და შეიძლება დავკრიფო კიდეც, - უპასუხა ცოლს და ბაღჩაში შებრუნება დაპირა.
ამ დროს ღიად დარჩენილი კუტიკარიდან ბატი შემოვიდა და ქათმებისკენ წავიდა. მძლავრად დაფართხუნებული ფრთებით მტვრის კორიანტელი დააყენა. შეშინებული ქათმები წიოკობით გაიფანტნენ. ქალმა ცოცხს წამოავლო ხელი და ბატს გაგდება დაუპირა. ის არ შეეპუა, კისერი წაიგრძელა და ქალზე სისინით მიიწია.
- მიშველე, ქარუმ, ბატმა ლამის დამკორტნოს! - ქალი ქმრისკენ გაიქცა.
ბატი შებრუნდა და ნიჩაბივით ნისკარტით საკენკს ისე იღებდა, თითქოს ხარისხს უმოწმებსო.
- რას უყურებ, გააგდე ბატი, თოხი ტყუილად გიჭირამს?! - წიწინით მიეჭრა ქალი.
- რას ამბობ, დედაკაცო, მოციქული უნდა გადამკიდო? მთელი სოფელი მაგ ბატს ეფერება, თეატრი აღარა გვაქვს, სიხარული და ნათესავებთან მისვლა-მოსვლა. გათითოკაცებულნი ერთმანეთს ვეღარ ვიტანთ, გაჭირვებისგან გაავებულები ჩხუბზე და დავიდარაბაზე ვდგავართ. ეგ ბატი აწყნარებს, ახალისებს, სიმართლედ და სიკეთედ ახმიანებს სოფელს. გაგიგონია, რომ ვინმეს ეზოდან გაეგდო? ხალხი მოციქულის მოსვლასავით განიცდის მაგის სტუმრობას; მთელი სოფლის დასაცინი უნდა გავხდეთ?! - ქარუმამ მეუღლე დაარიგა, რომელიც, შეცდომაში მხილებული მოსწავლესავით, პირზე მიფარებული ხელით გვერდში ამოსდგომოდა. ორივენი დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ბატს, რომელიც საკენკის შემოწმებით ერთობოდა. ქათმებსაც გაუარათ შეშფოთებამ და ნისკარტიდან აცლიდნენ საკენკს. მან ქათმებთან ყოფნა აღარ ისურვა, თავი მაღლა აიღო, რაღაც ჩაიყიყინა, თითქოს ქათმებს გამოემშვიდობაო და ეზოს შემოვლა დაიწყო. ბალახი მოწიწკნა, კუთხეში მიგდებული გობი შეამოწმა, ნატეხარში ჩამდგარი წყალი დააგემოვნა, კიდევ რაღაც ჩაილაპარაკა ბატურად და კუტიკარიდან გავიდა..
- მოციქულს გაუმარჯოს! - მენახირეები მხიარულად მიესალმნენ, რასაც ბატის ხმამაღალი ყიყინი მოჰყვა; ცოტა ხნის შემდეგ კი შეშინებული ძაღლი აწკმუტუნდა.
- მაგ ბატს მოხეტიალე ძაღლები ეჯავრება, ეტყობა ჩაუნისკარტა - ჩაილაპარაკა ქარუმამ და ბაღჩაში შევიდა.
ბატი სოფლის შარაზე დინჯად მიდიოდა, მხიარულ ყიყინს ხალისად და შვებად არიგებდა. ერთგან ეზოს კარი ღია დახვდა, შევიდა, დამხვდურებს ყიყინით მიესალმა; იქაურობა მოათვალიერა და გამობრუნდა. დიდ ქოფაკს თათებზე დაედო თავი და ბატს ინტერესით აკვირდებოდა; სხვას ყეფით გამოეკიდებოდა. არა, ეს ხომ მოციქული იყო, რომელსაც ბოროტნი, ხელმრუდნი და ავსულები ერჩოდნენ მხოლოდ, რომელთათვისაც ბატი ავ მუსაიფად ქცეულიყო.
დახურულ ალაყაფის კართან შეჩერდა, ყრუდ შემოღობილ ეზოში გადახედვა არ მოხერხდა. ხმამაღლა ჩაიყიყინა, ალბათ, თქვა, აქამდე რომ არ გამოსულან, ზარმცები ხომ არ არიანო; რამდენჯერმე აუარ-ჩაუარა ღობეს და გზა განაგრძო...
შარაგზიდან ხუთი მეტრის მოშორებით თავის ეზოში საბურავების სარმონტო სახელოსნო ჰქონდა მოწყობილი რიჟა-კოლას ამ საქმისთვის გადაკეთებულ ფარდულში. კედლის გასწვრივ გრძელი, გაშალაშინებული ფიცრები მიწაში ჩარჭობილ კუნძებზე დაემაგრებინა, რომელიც საქმეზე თუ სალაყბოდ მოსულებს ემსახურბოდა. სოფლელები ერთმანეთთან შესახვედრ ადგილად რიჟა-კოლას სახელოსნოს უნიშნავდნენ, რამეთუ სოფლის ცენტრთან ახლოს, მინდორში მიმავალ გზასთან მდებარეობდა; სამუშაოდ მიმავალი გლეხები აქ იცდიდნენ, რომელიმე ტრანსპორტს რომ გაყოლოდნენ. ამრიგად, რიჟა კოლას მოსაუბრენი არ აკლდა. ახლა დაზგაში ავტომობილის თვალი ჩაემაგრებინა და საბურავს ხსნიდა, წვალობდა. ერთ სკამზე ჩამომჯდარს სთხოვა: - ეს სახელური დამიტრიალე, სხვა მხრიდან ვცადო. ეტყობა, კარგა ხანი არ დაშლილა; პატრონივით უვარგისია, ეს ოხერი! - ჩაილაპარაკა.
- ვინ არის უვარგისი პატრონი?- იქ მყოფებმა ჰკითხეს.
- სევდა-ხალასია, - საბურავთან ჭიდილში დაძაბულმა რიჟა-კოლამ კბილებში გამოცრა.
- ეგ სევდა-ხალაა წელს ვენხიდან ხელცარიელი რომ დამსვა. როგორი იმედი მქონდა, ცოტა ხელს მოვინაცვლებდი. ვალი რით გადავიხადო, არ ვიცი! - მოიჩივლა ხანში შესულმა გლეხმა ლაზარემ და ამოიოხრა.
- სუყველა მაგ დღეში არა ვართ, - ახმაურდნენ.
ამ საკითხზე კამათის გაგრძელებას აპირებდნენ, რომ კარებში ბატი გამოჩნდა და დაიყიყინა.
რიჟა-კოლამ მაშინვე მიატოვა საქმიანობა და გახარებულმა დაიძახა: - მოციქული მოსულა! - კარადის კარი გამოაღო და ჯამით სიმინდი წყლის სავსე თათან დადგა.
ამასობაში ბატმა სახელოსნოში თამამად შეაბიჯა, სკამზე ჩამომჯდარ სოფლელებს ჩამოუარა, ყიყინით მიესალმა და რიჟა-კოლასკენ გაემართა. შეხედა, ყიყინით გაესაუბრა და შემოვლა გააგრძელა. სავსე ჯამიდან სიმინდი მიირთვა, თასიდან წყალი დააყოლა, მადლობის ნიშნად რიჟა-კოლას რაღაც ჩაულაპარაკა და ამაყად თავაწეული გარეთ გავიდა.
- ჩემთან რომ არ შამაიაროს, არ შეიძლება, სიმინდიც ხათრით დააჭაშნიკა, ეგაც მადლობის ნიშნად, ყოველთვის რომ დავახვედრებ-ხოლმე, - თქვა რიჟა-კოლამ და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
კარგა ხანს ჩუმად იყვნენ.
სახელოსნოში ბატის პატრონმა - ზაქარამ შეიხედა და შესასვლელში გაჩერდა;
- რა დაზაფრულები სხედხართ მიმინოს მიერ გულგახეთქილი ბეღურებივით, -ჩაილაპარაკა და დააყოლა: - ჩემ ბატს აქეთკენ ხომ არ გამოუვლია?
- ზაქარ, ეგ ბატი ანგელოზმა გაჩუქა თუ სატანამ შემოგაპარა ჩვენდა გასაოგნებლად? -შეეკითხა ლაზარე.
- შარშან შემოდგომაზე იმერელმა მეგობარმა მინახულა, აქეთ საქმეზე ყოფილიყო. წასვლის დროს უკვე გაზრდილი ბატის ჭუკი დამიტოვა. რაღაც ხასიათზე არ არის, გზაში არ მოკვდეს, შენ მიხედეო. გვარიანად ციოდა. ბატი ოთახში ღუმელთან მოვათავსე. საწყალმა მაშინვე იატაკზე დადო თავი, თვალები დახუჭა და აღარ გატოკებულა. მთელი დღე მუშაობით გავერთე და საღამოთი სახლში გვიან მივედი. ბატი რო მოვიკითხე, დედაკაცმა მისაყვედურა, მკვდარი ბატი ღუმელთან რო დააგდე, გავპუტე და სანაგვეზე გადავაგდეო. მეორე დღეს, სისხამ დილით კარებზე ვიღაცა აკაკუნებდა. გამიკვირდა, დაძახების გარეშე ეზოში ვინ შემოაღწია, ჩემი ძაღლი ხეზე ფრინველს რომ ედავება. კარი გავაღე და კინაღამ გული გამისკდა, ბატი იყო გატიტვლებული. მე არც კი შემომხედა, ძალიან გაციებული ჩანდა, ჩემზე უარესად გაკვირვებული ქოფაკი სათონიდან მოკუნტული იყურებოდა. ბატი ოთახში შევიდა და ღუმელთან დაწვა. იმ დღესაც სახლში გვიან მივედი. დედაკაცის მიერ შეკერილ თბილ საცმელებში გამოწყობილი ბატი ყიყინით შემხვდა. მთელი ზამთარი ღუმელთან დაბინავდა; ოჯახის წევრივით იქცეოდა და არაფერი ეშლებოდა. გაიზარდა, გაძლიერდა, ბუმბული ამოუვიდა, თითქმის ორი ბატისხელა გახდა და იგეთი მაგარია, ვერავინ დაჩაგრავს. ძაღლი იგრე ემორჩილება, სპეციელურად ვერ გაწვრთნი. ჩემ კარ-მიდამოს აღარ სჯერდება, სოფელში სიხარულის, სიყვარულის და წესრიგის დამყარებას ცდილობს. ახლა თქვენ გაარკვიეთ, ანგელოზის ნაჩუქარია თუ სატანის, - მსმენელები ზაქარას მონუსხულივით მისჩერებოდნენ, მან კი საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და თავის გზაზე წავიდა...
სევდა-ხალამ ნუშით სავსე ტომარა ავტომობილის საბარგულში ჩადო, თან ნუშს აკნაწუნებდა. ახლა წავა და ქარუმამ ეძებოს ნუშის ქურდი. ხეზე გაკრულ ქაღალდს შეხედა, -ნუში ძლიერი შხამით არის შეწამლული, - ხმამაღლა წაიკითხა და ჩაიცინა, - ჩემი ვენახის წამალიც ძლიერი იყო, მე ვერ მამატყუებ, ქარუმ, - ჩაილაპარაკა და საჭეს მიუჯდა.
მანქანა ძლივს დაიძრა, რაღაც უცნაურად ჩახუნობდა. ჩამოვიდა, წინა მარცხენა თვალი დაშვებული იყო, ელდა ეცა, - ვაიმე! ,,ზაპასკა“ რიჟასთან დავტოვე, - გულგახეთქილმა ხელი თავში შემოიკრა...
ქარუმა გზაზე იდგა, გამვლელ ტრანსპორტს ელოდებოდა, ვენახში ნუში რომ მოენახულებინა. მოტოციკლეტი გამოჩნდა.
- ბახალაა, - გახარებულმა ჩაილაპარაკა. - ალექს, ვენახში ვერ ჩამარბენინებ? ნუშს მინდა დავხედო, არავინ მამპაროს, - სთხოვა.
- დაჯექი, მაგაზე როგორ დაგზარდები, - მიიღო პასუხი და ,,კალიასკაში“ ჩაჯდა.
- ბახალ, სევდასთვის თვალი ხომ არ მოგიკრამს? - ჰკითხა.
- სანამ მოტოციკლში ჩაჯდებოდი ალექსა ვიყავი, ახლა ისევ ბახილა გავხდი? სევდა სადმე მოსაპარად იქნება შამძვრალი, - ღიმილით უთხრა ბახალა-ალექსამ და სიჩქარეს მოუმატა.
სევდა-ხალა კარგა ხანს გაოგნებული იდგა, მოტოციკლეტის ხმა მოესმა, იქით გაიხედა; -ვაიმე ქარუმა! - წამოიძახა და ვენახის პლანებში შევარდა.
- სევდა იყო, დამდუღრულივით გაიქცა, ჩაილაპარაკა ბახალამ.
მანქანის საბარგულიდან ნუშით სავსე ტომარა ამოიღეს.
- გამძღარა, ნახეე, რამდენი ნაჭუჭი ყრია. ეტყობა, შენმა გამოკრულმა გაფრთხილებამ მაგის მიერ ნამამაძაღლარ შხამებივით არ იმოქმედა, - სიცილით თქვა ბახალამ.
- საყვედური მაინც არ მეთქმის, ნუში მუქთად დამიკრიფა. არადა რა ჭირად გამიხადა ჩემმა მოყვარემ, ყირიმიდან ჩამოტანილი ნერგი მაჩუქა, გვიან ყვავის და წელს არ აცდენს, ფოთლებივით ისხამს. აქაური ნუში დემერგო, არაფერს დაისხამდა, ვერც ვეღარაფერს მამპარამდნენ; ვენახივით დამასვენებდა, - მოიჩივლა.
- წამოდი, ნუშს სახლში მიგიტან, დანარჩენი მე მამანდე,- უთხრა ბახალამ და მოტოციკლეტი აამუშავა...
სევდა-ხალა აქოშინებული შევარდა რიჟა-კოლას სახელოსნოში, სული ძლივს მოითქვა და ჰკითხა; - ჩემი ,,პაკრეშკა“ მზად არი?
რიჟა-კოლამ დაზგაში ჩამაგრებულზე აჩვენა:
- ვერ დავშალე, გადასაგდებია.
- მაიტა, მაიტა, სხვაგან წავიღებ! - იწყინა სევდამ.
- ახალი იყიდე, სევდავ, ნათაღლითარი ფული ქოცოში არ დაილპო.
- ნორმალური ქვეყანა რომ გვქონდეს, შენისთანა მამაძაღლი თავისუფლად არ უნდა დადიოდეს! - იქ მყოფებმა საყვედურებით და ლანძღვით აიკლეს.
რიჟა-კოლა დაზგიდან საბურავს ზარმაცად ხსნიდა.
ამ დროს მატაციკლეტით ბახალა მოგრიალდა. სევდა იქ რომ დაინახა, შეშფოთებული სახით თქვა: - ვინმეს ტელეფონი გექნებათ, სასწრაფოში უნდა დავრეკო.
- რა მოხდა, რაშა საქმე? - შეეკითხნენ.
- ქარუმას ნუში ხო იცით, სოფელში მარტო ის ისხამს, არ მამპარონო, ქარუმას რაღაცა მაგარი შხამით შაუწამლია, თან ხეზე წარწერა გაუკეთებია, მოწამლულიაო. საწყალ მენახირე მიტროს ერთი ცალი შაუჭამნია და მინდორში კვდება. ვეტექიმმა თქვა, კუჭის ამორეცხვაა საჭირო, ოყნა უნდა დაადგანო. ჰოდა, სასწრაფო დროზე თუ არ მიეხმარა, მოკვდება. ქარუმა დარჩა იმასთან, ეს რა მიქარვა ჩავიდინე, რამე რო დაემართოს თავს მოვიკლამო, იძახის.
- მოწამვლა თუ არ უნდოდა, სევდას შხამებით შეეწამლა, - ვიღაცამ დაიძახა და ყველას სიცილი აუტყდა.
- რა გაცინებთ, კაცი კვდება, საჩქაროდ უნდა დავრეკო, - ბახალა ვერ ისვენებდა.
სევდა-ხალას ფერი ეცვალა, თითქოს მუცელიც წამოსტკივდა; გარეთ გავარდა.
- სევდავ, ,,პაკრეშკა“ წაიღე! - რიჟა-კოლამ მიაძახა.
- არაფერი არ მინდა, თავში იხალე. თუ გადავრჩი სხვანაირად მოგივლი, - ბუტბუტებდა სევდა-ხალა, თან რაც შეეძლო გარბოდა.
- აჰა, ბახალ ტელეფონი, - ერთმა მობილური მიაწოდა.
- შენ თვითონ დარეკე, სევდა-ხალა თავისი შხამით მაიწამლა, ოყნა დაადგით-თქო, სიცილით უპასუხა ბახალამ. გარეთ გავიდა, მოტოციკლი დაქოქა და სევდა-ხალას შორიახლო მიყვა. ის კი რაც შეეძლო, მიძუნძულებდა. მარჯვნივ ორღობეში შეუხვია, ბალახით დაფარულ ფერდობზე გავიდა, რომელსაც მისი სახლი ეკვროდა. ქვემოთ უზარმაზარი წურბელებით, კოღოებით და უამრავი პარაზიტი მწერებით დასახლებულ ჩალიან ტბორში ბაყაყების ყიყინი ისმოდა.
ადრე ეს ტბორი არ არსებობდა. სოფლიდან ჩამონადენი ნახმარი წყალი კარგად მოწყობილ რუში მიედინებოდა. ახლა მთელი სოფლის ნაგავს ზედ აყრიდნენ; წყალი დაგუბდა და ასე შეიქმნა საძაგელი, მყრალი ტბორი.
სევდა-ხალა ფერდობს გადაირბენდა და სახლში იყო. უცებ ზაქარას ბატი დაინახა, რომელიც მოფუსფუსე ინდაურებში ისე ჩანდა, როგორც აქლემი სახედრებს შორის.
- ახლა კი ამოვიყრი მაგის ჯავრს, - კბილებში გამოცრა, მიმოიხედა, არავინ ჩანდა, სოფლელების საყვარელი ბატის სიძულვილმა უცებ გადაავიწყა, ასე სასწრაფოდ რატომ გარბოდა. იქვე მიგდებულ ჯოხს დასტაცა ხელი და ბატს გაუქანდა. მთელი ძალით მოუქნია, აუცდა, თავი ვერ შეიკავა, ინერციით დატრიალდა და მიწაზე გაიშხლართა. ბატი ზედ დააფრინდა, ლოყაზე ისეთი უკბინა ღრიალით დააფრთხო ინდაურები. როგორც იყო წამოდგა, ბატმა თავი არ დაანება და დაუზოგავად კორტნიდა. სახლისკენ გაქცევა დააპირა, გადაიფიქრა, შორს მოეჩვენა. თავდაღმართზე ტბორისკენ გაიქცა, ბელტს ფეხი წამოკრა, დაგორდა, ბატი ყიყინით მისდევდა და მწარედ კბენდა. როგორც იყო ჩალიანთან შეჩერდა, ფრთხილობდა, მყრალ წყალში არ ჩავარდნილიყო. გამძვინვარებული ბატი თვს დაესხა. ერთი ხელით სახე დაიფარა, მეორეთი ჩალას ჩაეჭიდა და მყრალ წყალში ჩაღრმავდა. ეშველა, ბატმა თავი დაანება. მისი მოცილებით ნასიამოვნებმა შვებით ამოისუნთქა. კარგა ხანს ასე წყნარად იყო, ეშინოდა ბატის შემოტევის. უცებ ფრთების ტყლაშუნი მოესმა, მაღლა აიხედა, ბატს უზარმაზარი ფრთები გაეშალა და ჩრდილოეთისკენ ლაღად მიფრინავდა.
- მეშველა, - ჩაილაპარაკა.
ახლა გაახსენდა, რა საშინელი განსაცდელის ბრჭყალებში იყო და აღრიალდა;-მიშველეთ! - არავინ გამოხმაურებია. ტბორიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა. კისერზე ჩხვლეტა იგრძნო, ხელი მოისვა, სისხლიანი წურბელა ზიზღით მოისროლა, საზარლად დაიღრიალა; შიშმა ტბორიდან ამოსვლა შეაძლებინა. გასვრილი და გაწუწული სახლისკენ გარბოდა, თან ღრიალებდა:-მიშველეთ! სასწრაფოდ თბილი წყალი გაამზადეთ, მოწამლული ვარ, კუჭის ამოსარეცხად ოყნა უნდა დავიდგა.
- კუჭის კი არა, ტვინის ამორეცხვა გჭირდება, შე სოფლის სირცხვილო, - ბახალამ ჩაილაპარაკა და უკან გაბრუნდა...
რიჟა-კოლას სახელოსნოში დასაჯდომი ადგილ აღარ იყო, გარეთ იდგნენ და ყაყანებდნენ.
- ახლა გაძრიალებული რთველი უნდა გვქონდეს, რა დღეში ჩაგვყარეს იმ თაღლითებმა, კაცო!
- ვენახი რაღად მინდა, მაგის წამლობაში აღებული ვალი ვერ მამიშორებია, - ცხარობდა ლაზარე.
- ვისაც გვიჭირს ამ თაღლითებისგან ნაყიდი ქიმიკატებით შევწამლეთ და დავიღუპეთ კიდეც. ნიკა-ჭამიამ მთელი სოფლის მიწებს რომ გადააჯდა, ფული ბევრი აქვს და ბაზიდან წინასწარ ნაყიდი წამლები იხმარა, მარტო მაგას და მაგისთანა მემამულეებს აქვთ გაძრიალებული ყურძნის ჩაბარება. ვისაც ძალიან უჭირს და ვენახის გაყიდვა გადაუწყვეტია, მე ვიყიდიო, აცხადებს.
- მივყიდო უნდა, მაშ რა ვქნა, ვალს მაინც მოვიშორებ, თორე მევალე მახრჩობს.
- ყველა მაგ დღეში არა ვართ!
ამ ამბავში იყვნენ, რომ ერთმა დაიძახა: - აგერ ჩვენი გამგებელი ტიტო-ჭიმია, ვკითხოთ, თაღლითებმა ეგრე რომ გაგვძარცვეს, რა პასუხს თხოვენ, ან ეგრე რად გულაობენ გაჭირვებული ხალხის წურბელები; მიწათმფლობელების მოსყიდულები ხომ არ არიან, ჩვენი ხელისგულისხელა ნაკვეთებიც რომ ჩაიგდონ ხელში, - ერთხმად აყაყანდნენ.
- ტიტო გამგებელო, ფალსიფიცირებული შხამით რომ მოგვისპეს ყურძენი, მთავრობა რას ფიქრობს, პასუხი არ უნდა აგებინონ? თუ წინასწარ ჩაფიქრებული იყო ჩვენს ამოსაგდებად? - მიაძახეს.
ტიტო გაჩერდა. შეკრებილთ ბატონკაცურად გადახედა და თვითდაჯერებული ბღენძის ტონით ბრძანა: - ყველას მოეკითხება, თაღლითობა არავის შერჩება - და გზა განაგრძო.
- მაგას ეკლესიაში მღვდელიც გვპირდება ღმერთის სახელით. თქვენც თუ ღმერთს გადააბარეთ ავის და კარგის გარჩევა, აგვშენებია ოჯახი. ოღონდ იცოდეთ, მუდმივი არაფერია. ეგრე აგდებით ლაპარაკმა ღმერთთან საღრეჯად არ გაგიხადოთ ეგ ხალხისგან მონათხოვარი თანამდებობები, - შეკრებილები დაემუქრნენ.
- ვახ, კაცო, ეგ ბიჭი სანამ გამგებელი გახდებოდა, ადამიანს გავდა, იგეთს რას უკეთებენ, რომ ზაქარას ბატი სჯობიათ ხალხზე ზრუნვაში, - თქვა ერთმა და დანარჩენები ახარხარდნენ.
- რა გაცინებთ, ტყუილი რა ვთქვი?! აბა, მამისმინეთ და ჩემ ნათქვამში ეჭვი აღარ შეგეპარებათ: - ამას წინათ ბიჭი სახლში მაგ ბატისგან დაკორტნილი მოვიდა, იცით რატომ? - რატომ? - ყველა ყურადღებით მიაჩერდა.
- მამაძაღლი გაზარმაცებული იყო, კენჭის გადაბრუნება ეზარებოდა, თავის მსგავს უსაქმურებთან ერთად სულ სოფლის ცენტრში ეგდო, ხულიგნობით გამვლელ-გამომვლელს თავს აბეზრებდა. ერთხელ მაგ ბატმა იქ გაიარა. ამათ ყვირილი დაუწყეს ჰიუ-ჰაუ-ო. გზის მეორე მხარეს რომ გადადიოდა, ჩემს ბიჭს ქვა უსროლია, თან ყვირილით თურმე დაფრთხობას ცდილობდა. ბატი თავზე დაჰფრენია და მაგრად ჩაუნისკარტებია; 5 ადგილას ჰქონდა თავი გატეხილი და სისხლი ჩამოსდიოდა. ჩემი ბიჭი რომ გამოქცეულა, ახლა დანარჩენებს მიბრუნებია და სულ წივილ-კივილით დაუფრთხენია; ახლა ვეღარც ერთი ვეღარ ბედავს იქ გაჩერებას.
ერთხელ ბიჭი პურის მოსატანად გავაგზავნე, გახარებული მოვიდა, იმ ადგილას ზაქარას ბატი შამხვდა და არაფერი დამიშავაო. ის ახალგაზრდები ვინმეს კიდევ გინახიათ იქ? ჩემ ბიჭს კიდე თოხსა და ბარს ვეღარ ვაგდებინებ ხელიდან, მაშ!
სკამიდან ადგა და გარეთ გამოვიდა ლაზარე, სოფელში მართალ კაცად რომ იყო ცნობილი: - ერთ გასაკვირ ამბავს მეც მოგიყვებით, 70 წლის კაცი ვარ და ეგეთ რამეს არ მოვსწრებივარ, თავი სიზმარში მგონია. ვენახმა ხომ ყველას გვიმტყუნა, სამი წამლის ფული მეზობელმა მასესხა. მეგონა, რთვლის შემდეგ გადავუხდიდი. ეხლა მამადგა, ფული მამთხოვა, არადა არაფრის გასაქანი არა მაქვს. მესამედ რომ მოვიდა, ლაპარაკი მოგვივიდა; იმასაც უჭირს, რა ქნას. ჩემი საქმე კიდევ ისე იყო, მკვდარი მკვდარს აეკიდაო, სამარის კარამდე მიმიყვანეო. მოკლედ, შევყევით და ბოლოს ორივე ვყვიროდით. რა ვქნა, არა მაქვს და აჰა, გამამჭერი ყელი - მეთქი ვიძახი. ყელსაც გამოგჭრი და ძირფესვიანად ამოგძირკვამო, გამწარებული მეზობელი მემუქრებოდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იგეთი გაწევ-გამოწევა ატყდა, იქით იმას იჭერენ, აქეთ მე. საიდანღაც ეს ჩვენი გამგებელი ტიტო-ჭიმია შემოვარდა. ორივეს ყვირილით და კანონის მუქარით ვითომ გვაწყნარებდა, არადა, დასაწყნარებელი თვითონ გახდა. ასე გაგრიალებ-გამოგრიალებაში ბატის ხმამაღალი დაყივლება გაისმა. ზაქარას ბატი შამოვიდა და სამჯერ იგრე დაიყივლა, რომ ჩვენი ხმაური გადაფარა; ყველანი მას მივაჩერდით. ჩემთან მოვიდა მე რომ მიჭერდნენ, ქალებმა ხელი შემიშვეს. ამომხედა და რაღაცა ჩაიყიყინა, თითქოს მელაპარაკებოდა. ახლა ჩემ მევალე მეზობელთან მივიდა, ნისკარტით მკერდის მარცხენა მხრიდან ხალათი გამოსწია, რაღაცა თავისებურად ჩაიყიყინა; ყველანი ეგრევე გაშტერებულები დავრჩით.
- ბატები ხართ და თქვენ გაშველებას ბატი მოუხდებაო - წამოიყვირა ტიტო-ჭიმიამ და ფეხი მოუქნია. ეს ამოტელა გაბრაზებული ბატი ზედ მიაფრინდა, ჭიმიამ თავი ვერ შეიმაგრა, წაყირავდა და მიწას ხელებით დაებჯინა, ბატმა დუნდულაზე უკბინა ისე, რომ შეაყვირა, წამოხტა და გაიქცა. ბატი გამოეკიდა და სანამ ალაყაფის კარებთან გაასწრებდა, ორჯერ კიდევ ჩაუნისკარტა.
- ვახ, კაცო, ნადირებად ქცეულები ამ ბატმა ისევ ადამიანობისკენ მოგვაბრუნა. გაუსაძლისმა გაჭირვებამ სიკეთე ბოროტებად როგორ უნდა გვიქციოს? შენ გენაცვალე, ლაზარე, ძაღლიშვილი ვიყო, თუ დღეიდან ვალი შეგახსენო! - ჩემი მევალე მეზობელი ხელებგაშლილი წამოვიდა და ერთმანეთს თვალცრემლიანები გადავეხვიეთ. - ბოლო სიტყვებს ლაზარე ტირილით ამბობდა. მეტის თქმა ვეღარ შეძლო, ცრემლები მუჭით მოიწმინდა და ღრმად ამოიოხრა.
- რადგან სიტყვამ მაიტანა, კაცებო, მეც უნდა ვთქვა და გთხოვთ, ყურადღებით მამისმინოთ, სიმართლეს მოგიყვებით, ზღაპარი არ გეგონოთ, - ყველა მას მიაჩერდა. - კაციჭამია ღორი მყავდა, ძაღლივით საკბენად იწევდა, ორჯერ დამგლიჯა კიდეც, ქათმებს ხომ ნაფრინალავს იჭერდა, წუთში გლეჯავდა და ბდღვნიდა. საღორეში საჭმელს შორიდან ვუყრიდი, რო არ მცემოდა; მისი დაკვლა ცოტა გამიჭიანურდა. ამას წინათ საღორის კარი გამოეხსნა, ერთი ქათამი მაშინვე დაიჭირა და გაწეწა. მე ცოტა ხნით მეზობელთან ვიყავი გასული, იქიდან ჩემი ეზო ხელისგულივით ჩანს. ორი წლის შვილიშვილი ეზოში გამოხოხებულიყო. ღორმა ბავშვი რომ დაინახა, მისკენ გაქანდა. შეშინებული ბავშვი გაიქცა. ამას ყველაფერს მეზობლის ეზოდან მოვკარ თვალი. ვერაფრით ვერ მოვასწრებდი ბავშვის შველას და იქიდანვე ავტეხე ღრიალი. ამ დროს ეზოში ზაქარას ბატი შემოვიდა, მაშინვე აფრინდა და ღორს თავში მაგრად ჩაუნისკარტა. ის კი პირდაღებული ბატისკენ იწევდა. მეორედ რომ შიგ თვალში ჩაუნისკარტა, ღორი აჭყივლდა და დაბნეული თავს იქნევდა. ბატი კი არ მოეშვა, მწარედ ურტყამდა ნისკარტს. გამწარებულმა ღორმა გაქცევა იკადრა და საღორეში კისრისტეხით შევარდა. მე რომ ეზოში შევირბინე, ბატი ბავშვთან იდგა და ნისკარტით ეფერებოდა, ის კიდევ თავზე უსვამდა ხელს. ღორს ბავშვი რომ გაეგლიჯა ხომ იქვე მოვიკლამდი თავს. დიდი მორწმუნე არ ვიყავ, მაგრამ ეხლაც ეკლესიიდან მოვდივარ, სანთლები დავანთე. მოვიდეს და ვინმე შემედავოს, მაშ, ეს სასწაული არ არი?!
- ერთს მეც ვიტყვი , ხალხო.
- მაიცა, მიტუშ, მეცა მაქვს სათქმელი, - სხვა შეეცილა.
- მოკლედ ვიტყვი - მიტუშამ არ დაუთმო და დაიწყო: - არ ვიცი, ბალღს რა ეშმაკი აჯდა მხარზე, სკოლაში სიარული ჭირივით ეჯავრებოდა, დედაკაცი სულ სახრით დასდევდა, გაკვეთილებიდან არ გამაიქცესო. იმ დღეს კიდევ ჩანთა გადააგდო და ფშლიკა ფეხები, მე სკოლაში აღარ წავალო. ამ დავიდარაბაში ვიყავით, ზაქარას ბატი შემოვიდა და პირდაპირ ბალღისკენ გაემართა ყიყინით. ამან კიდევ გაკვირვებისგან პირი დააღო. მე შემეშინდა, არაფერი აუტეხოს-მეთქი, მინდოდა, რაღაცა ამეღო და ბატი მემეშორებინა, მაგრამ ადგილიდან ფეხი ვერ მოვიშორე. ბატი ბალღთან მივიდა, მშვიდობიანად ყიყინებდა, თითქოს საუბრობსო. მემრე ჩვენ თავი დაგვანება და ეზოში სეირნობა დაიწყო - ახლავე მივდივარ სკოლაში, მოციქულო, და არასდროს აღარ გავაცდენ! - ბალღმა წამოიძახა, და იმის შემდეგ მოწინავე მოსწავლეა. რა, ეს სასწაული არ არი? - მიტუშამ სათქმელი დაამთავრა და ახლა სხვამ დაიძახა - ერთს მეც ვიტყვი, ეზოს დასარბევად ძროხები როგორ არ შემოუშვა.
- კარგი, გვეყოფა, თითო სათქმელი ყველას გვაქვს. სასწაული ის კი არ არი, ბატმა ადამიანური სიკეთე როგორ ჩაიდინა, სასწაული ისაა, ქვეყნის წურბელები ბატებივით რომ გვაპამპულებენ;
- ნახე, კაცო, ბატი ადამიანობას ეზიარა, სასწაულია, აბა რა.
- ადამიანობას რომ ზიარებოდა, ზაქარას და მის ოჯახს მოსისხლე მტერივით გადაეკიდებოდა და მის მოსპობას ეცდებოდა; მომაკვდავი გაპუტეს და სანაგვეზე გადააგდეს. ეგ ბატი უფლისმიერი სიკეთის მატარებელია, შენდობაც შეუძლია და ბოროტებისთვის სათანადოდ მიზღვაც, - ამგვარ კამათში იყვნენ გართულები, ბახალამ მიაკითხათ. მოტოციკლიდან ჩამოვიდა და ჩაფიქრებული გაჩერდა.
- რა ქენი, ბახალ, სევდა დააბინავე? - ჰკითხეს.
- მე კი არა, ბატმა იგეთ დღეში ჩააგდო, თავის დღეში არ დაავიწყდება.
- რა უყო, კაცო?
- სევდა ჯოხით მოსაკლავად მიეტანა. ბატმა კიდევ ფერდაზე დააგორა და ხრამში მყრალ ტბორში აბანავა. სიბინძურეში ამოვლებული სახლში გაძუნძულდა, თან ყვიროდა, ოყნა დამადგით, მოწამლული ვარო.
- ბატი სადღაა?
- მძლავრი ფრთები დაიქნია, ძალიან მაღლა ავიდა და ჩრდილოეთისკენ გაფრინდა. სანამ გაუჩინარდებოდა, თვალი არ მომიშორებია; მოკლედ, წავიდა, მიგვატოვა მოციქულმა, - დაასკვნა ბახალამ.
ამ სამწუხარო ამბავმა კამათის სურვილი დაუკარგათ.
- მაშ, საბოლოოდ მიგვატოვა და აღარ დაბრუნდება?! - წამოიძახა შეწუხებულმა ბატის მიერ გადარჩენილი შვილიშვილის პაპამ.
- რა გაგიკვირდათ, ბატი დაგიმყარებდათ სამართლიანობას, წესრიგს და ურთიერთპატივისცემას?! - ლაზარე ყვიროდა. - ვწუწუნებთ და სასწაულის იმედი გვაქვს, უფლის რჩევა კი გვავიწყდება, ხელი გაატოკეთ და გეშველებათო.
ხრამში ამყრალებულ, უამრავ პარაზიტდახვეულ ტბორს დაემსგავსა სოფელი და ჩვენც ამ სისაძაგლეში ბაყაყებივით ვყიყინებთ მხოლოდ. - ცოტა ხანს გაჩუმდა, სული მოითქვა და მთელი შესაძლებლობით ხმამაღლა ალაპარაკდა: - ბატი იყო თუ მოციქული, გაგვაფრთხილა, მოგონდით, მოღალატე, სისხლისმწოვ პარაზიტებს კისერზე ნუ დაისვამთ, სოფლის, ქვეყნის, თქვენი ჯიშის და ჯილაგის გადასარჩენად იბრძოლეთ. ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, თორე რაც დაგემართოთ, თქვენს თავს დააბრალეთო!