პოლიტიკა
მოძრაობის „სამართლიანი საქართველოსთვის“ ყოფილი ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის

noghaidelამერიკიდან დაბრუნებულმა ექსპრემიერმა, რომელიც, ფაქტობრივად, თანამდებობიდან „ჰაერში“ გადააყენეს, „ახალი–ძველი“ მოძრაობის შექმნის გეგმა რამდენიმე საათის წინ გაახმიანა.

„ჩვენ წინააღმდეგ აგორებული კამპანია უკანონო გადაწყვეტილებით დასრულდა. ადეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილი შეგვიძლია, თუმცა ამას არ ვაკეთებთ. შეგვიძლია ასევე, მსხვერპლის მანტია მოვისხათ, მაგრამ არც ამას ვაპირებთ. ამ ეტაპზე გვეგონა, ხელისუფლებისთვის არც თუ დიდ საფრთხეს წარმოვადგენდით, რადგან არ ვიყავით აქტიურები, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც საფრთხეს ხედავენ ჩვენში. ჩვენ ფორმალურად ახალ მოძრაობას დავარეგისტრირებთ, თუმცა ის ისევ ძველი იდეოლოგიის მატარებელი იქნება, იგივე შემადგენლობის მქონე და ურთიერთობები ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ პოლიტიკურ წრეებთან ძველებურად გაგრძელდება. გარწმუნებთ, ძველ ლოგოს ჩვენს ოფისში ბოლოჯერ ხედავთ“, – განაცხადა ნოღაიდელმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ერთ კვირაში ის სტრასბურგში მიემგზავრება, რათა ევროსაბჭოსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყანაში შექმნილი რეალური პოლიტიკური ვითარება გააცნოს.

ამასთან, როგორც საქინფორმს ნოღაიდელის ოფისში განუცხადეს, ახალ პოლიტიკურ პარტიაზე მუშაობას ნოღაიდელი და მისი თანაგუნდელები მომავალი კვირიდან დაიწყებენ. მოძრაობის სახელწოდება კი, სავარაუდოდ, იმავე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელს თანაპარტიელები გასულ წელს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათი განმარტებით, პარტიის ლიდერმა წინასაარჩევნოდ ჩატარებული „კარდაკარის“ პროგრამის მონაწილეებს კუთვნილი ხელფასები არ გადაუხადა. წლის ბოლოს, ჯავახიძის ფრთამ იუსტიციის სამინისტროს მოძრაობის ახალი გამგეობის დარეგისტრირების თხოვნითაც მიმართა, რაც უწყებამ რამდენიმე დღის წინათ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ნოღაიდელი მოძრაობის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს. მისი ადგილი პარტიის ახლადდარეგისტრირებული გამგეობის წევრმა სერგო ჯავახიძემ დაიკავა.