2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მდივნად დაინიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).
წმიდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და გააცნო სხდომის საკითხები.
წმინდა სინოდზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:
I. კუნძულ კრეტაზე მიღებული დოკუმენტების შესახებ ისაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).
მან აღნიშნა: როგორც ცნობილია, ა.წ. 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე შედგა კრება, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეთაურები და წარმომადგენლები ათი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიიდან.
ამგვარი შეკრება ათწლეულების მანძილზე იგეგმებოდა და იგი არის ღირსშესანიშნავი და განსაკუთრებული მოვლენა წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში.
კრების მზადებას თავიდანვე სათავეში ედგა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, პროცესში კი ჩართული იყო ყველა ოფიციალური ეკლესია. წინასაკრებო სამუშაო შეხვედრებზე 1961 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს დელეგატებიც მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, უფროსი თაობის სასულიერო დასის სხვადასხვა წევრის მიერ ათწლეულების მანძილზე გაწეული შრომა დასაფასებელია.
როგორც ადრეც იყო აღნიშნული, კრების მომზადების საბოლოო ეტაპზე წარმოქმნილმა სერიოზულმა დაბრკოლებებმა რამდენიმე ადგილობრივ ეკლესიას არ მისცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო კრეტის კრების მუშაობაში, რის გამოც ჩვენს გულისტკივილს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და დღესაც მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო ყველა ეკლესიის მიერ დასმული საკითხების შესწავლა-განხილვა, რაც არ განხორციელდა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წმიდა სინოდმა დაადგინა:
რადგანაც კრეტის კრების მუშაობაში არ მონაწილეობდა ოთხი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, ამიტომაც მას არ შეიძლება ეწოდოს საყოველთაო, ყოვლადმართლმადიდებლური (პანორთოდოქსული) კრება;
კრეტის კრების მომზადებისა და ჩატარების დროს დაირღვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ დადგენილი და აღიარებული მთავარი პრინციპი კონსენსუსისა, რაც გულისხმობდა განსახილველ საკითხთა შესახებ ყველას თანხმობასა და გადაწყვეტილების ერთსულოვნად მიღებას.
ამიტომაც კრეტის კრების დადგენილებები ვერ იქნება სავალდებულო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის;
კრეტის კრების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტებში არსებითად არ აისახა ეკლესიათა მიერ წარმოდგენილი საფუძვლიანი შენიშვნები. ამიტომაც აუცილებელია მათი შემდგომი გადამუშავება და გასწორება. არაა გამორიცხული ზოგიერთ შემთხვევაში ახალი დოკუმენტის შექმნაც.
ამისთვის კი საჭიროა, კრეტის კრების სამდივნოს მიერ გამოგზავნილი და თარგმნილი ტექსტები ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ეკლესიის სასულიერო დასის, ღვთისმეტყველთა და მორწმუნე ერისათვის და მათი საფუძვლიანი შენიშვნების გათვალისწინებით, დოკუმენტებს მიეცეს მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური და კანონიკური სწავლების შესაბამისი სახე.
ა.წ. 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე გამართული კრება შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელოვანეს ეტაპად მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმიდა პანორთოდოქსული კრების ჩასატარებლად, რომელმაც აღნიშნულ მომავალ კრებაზე ხელი უნდა შეუწყოს ყველა საკითხის გატანას და გადაწყვეტილებების მიღებას საერთო მართლმადიდებლური ერთობითა და ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მაცხოვნებელ სწავლებაზე დაყრდნობით.
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა დაადგინა, რომ
შეიქმნას საღვთისმეტყველო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) თავმჯდომარე;
ბ) ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
გ) სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
დ) რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);
ე) მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე);
ვ) პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე).
II. წმ. სინოდმა იმსჯელა მომქმედ ტაძრებთან არსებულ საკვირაო სკოლების შესახებ და განაჩინა:
დაევალოს რუსთველ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი), რომ სასწავლო ცენტრმა შეიმუშაოს პროგრამები საკვირაო სკოლებისთვის შემდეგ საგნებში: საღმრთო სჯული, საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, ჩვენი კულტურა, ყოფა-ცხოვრების წესები და ტრადიციები (ეთნოგრაფია).
ცენტრმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს პროგრამების მიხედვით სათანადო ლიტერატურის შერჩევას და გაუწიოს მონიტორინგი აღნიშნული სკოლების მუშაობას.
III. წმიდა სინოდმა იმსჯელა საქართველოს მართლმადიდებელ ეპარქიებში დღეისათვის არსებულ ვითარებაზე. მღვდელმთავრების მიერ გამოითქვა მოსაზრებები საგანმანათლებლო საქმიანობისა და ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების გზებზე.
IV. წმიდა სინოდმა იმსჯელა მუზეუმებიდან საეკლესიო დღესასწაულებზე საეკლესიო სიწმინდეების ტაძარში დროებით გადაბრძანებასთან დაკავშირებით.
წმ.სინოდმა დაადგინა:
ა) მუზეუმებიდან საეკლესიო სიწმინდეთა ეკლესიაში დროებითი გადაბრძანებისას, გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, და სიწმინდეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს საპატრიარქოში არსებულ სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილებას (თავმჯდომარე – ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) დაევალოს, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გაწიოს სათანადო ორგანიზება შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, რათა მოხდეს სიწმინდეთა უსაფრთხოდ და სათანადო პატივით გადაბრძანება და უკან დაბრუნება.
ბ) მუზეუმებიდან სიწმიდეები უნდა დაბრძანდეს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და იმ ეპარქიაში, რომლის მმართველმა მღვდელმთავარმაც დადგენილი წესით გამოთქვა სიწმიდეთა გადაბრძანების სურვილი.
ორივე შემთხვევაში გადასვენების დრო ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმინდეთა მოძიების განყოფილების წარდგინებით და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.
V. წმინდა სინოდმა იმსჯელა ზოგიერთ პირთა კანონიზაციის შესახებ და განაჩინა:
1) წმიდათა დასში შეირაცხოს მონოზონი ნინო (ამილახვარი 1784-1839), და ეწოდოს მას, – ღირსი ნინო, სამთავროს ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის განმაახლებელი; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (11) 24 თებერვალი.
2) წმიდათა დასში ასევე შეირაცხოს იღუმენია ნინო (ამილახვარი 1815-1904) და ეწოდოს მას, – ღირსი ნინო (სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია); შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (29 დეკემბერი) 11 იანვარი.
3) წმიდათა დასში შეირაცხოს სქემ-იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი 1869-1939) და ეწოდოს მას, – ღირსი თამარ აღმსარებელი; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (28 მაისი) 10 ივნისი.
4) წმიდათა დასში შეირაცხოს საქართველოს მეფე ბაგრატ III და ეწოდოს მას, – წმიდა კეთილმსახური მეფე ბაგრატი, საქართველოს გამაერთიანებელი; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (7 მაისი) 20 მაისი.
5) წმიდათა დასში შეირაცხოს იმერეთის მეფე სოლომონ I და ეწოდოს მას, – წმიდა კეთილმსახური მეფე სოლომონი; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (23 აპრილი) 6 მაისი.
6) წმიდათა დასში შეირაცხოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) და ეწოდოს მას, – წმინდა პატრიარქი კალისტრატე; შეიქმნას ხატი, დაიწეროს ცხოვრება და წეს-განგება; ხსენების დღედ დადგინდეს (21 იანვარი) 3 თებერვალი.
VI. წმინდა სინოდმა იმსჯელა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისა და უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან მე-40-ე და დაბადებიდან 85-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.
დაადგინეს: შეიქმნას საიუბილეო კომისია და მის შემადგენლობაში ეკლესიის მხრიდან შევიდნენ შემდეგი წევრები:
ა) ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი),
ბ) ახალციხისა და ტაო-კლარჯეთისა მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე),
გ) ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე).
დ) ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი).
VII. წმინდა სინოდმა მოისმინა მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ინფორმაცია საიუბილეო წლის განმავლობაში ჩასატარებელ მისიონერულ ღონისძიებათა შესახებ.
დაადგინეს: შედგეს ღონისძიებების ნუსხა და მათი განხორციელების გეგმა.
VIII. წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) ინფორმაცია ა.წ. სექტემბრის თვეში ქ.კიეტში (იტალია) გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
ასევე მოსმენილ იქნა ინფორმაცია ბოლო დროს მას-მედიასა და სოციალურ ქსელში ეკლესიასთან მიმართებაში გავრცელებული სხვადასხვა სახის ტექსტებისა და ქადაგებების თაობაზე.
წმინდა სინოდმა მიიღო შემდეგი მიმართვა:
როგორც ადრე, ბოლო დროსაც, მასმედიის საშუალებებით საეკლესიო საკითხებზე არაერთი ცილისმწამებლური სტატია გამოქვეყნდა, რომელთაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. ამას დაემატა სასულიერო პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული შეფასებები და ურთიერთბრალდებები, რამაც საზოგადოებაში სამართლიანი უარყოფითი განწყობა და გულისტკივილი გამოიწვია.
ისტორიის მანძილზე არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორი მწვავე დებატები იმართებოდა ამა თუ იმ საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს თემები ეხებოდა არა პირად ურთიერთობებს, არამედ დოგმატურ-სარწმუნოებრივ პრობლემებს. სარწმუნოებრივ საკითხებზე მწვავე კამათი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ასეთი თემებიც და სხვა საკითხებიც, პირველ რიგში, ეკლესიის წიაღში უნდა შეფასდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, რადგან მოქალაქეები რეალურად არსებულ ვითარებას ნაკლებად იცნობენ და ეს მათთვის შეიძლება გახდეს დაბრკოლების საგანი და ცოდვის მიზეზი.
იმ ძალებს კი, რომლებიც ეკლესიის საზიანოდ შეგნებულად მოქმედებენ, სურთ, რომ დაძაბულობა საჯარო სივრცეში გაღრმავდეს და დაპირისპირების კერები გამრავლდეს.
ამიტომაც მივმართავთ სასულიერო პირებს და მრევლს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აჰყვნენ პროვოკაციებს.