საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. 26 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო სპორტსმენი რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე გახდა. ღონისძიებას სასტუმრო „ჰუალინგმა" უმასპინძლა.
2016 წელს ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქროს გარდა კიდევ სამი ტიტული მოიგო: ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, ასევე ევროპის ჩემპიონის ტიტული 23-წლამდელთა შორის. წლის საუკეთესო სპორტსმენს მთავარი ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.
დანარჩენ 8 ნომინაციაში გაიმარჯვეს: საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ზვიად პატარიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი და ქალი - ზვიად გოგოჭური (ძიუდო) და ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა); საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ანდრეი ზინჩენკო (კარატე); საუკეთესო მსაჯი - ედიშერ მაჩაიძე (ჭიდაობა); საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გოტფრიდი (ძალოსნობა); საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ასანიძე (ძალოსნობა).