საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის ზოგად დებულებებს ფუნდამენტური ცვლილებები არ შეეხება.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ შსს-ს აკადემიაში სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, ყველაზე მეტი ცვლილება კონსტიტუციაში პრეზიდენტის ნაწილს სჭირდება.
"ეს თავი ყველაზე მეტად საჭიროებს ცვლილებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის გამიჯნული კომპეტენციები სახელმწიფოს მეთაურს და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის", - აღნიშნა კობახიძემ.
საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ დემოკრატიულია სახელმწიფოს მეთაურის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი არჩევის წესი, თუმცა, "სამწუხაროდ, ხშირად ხდება კონკრეტულ გვარ-სახელებთან საკონსტიტუციო ცვლილებების დაკავშირება, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ფორმით, რაც არასწორია".
"დაუშვებელია როგორც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა კონკრეტულ პერსონაზე მორგებით, ასევე დაუშვებელია კონკრეტულ ცვლილებებზე ტაბუს დადება კონკრეტულ გვარ-სახელებზე მითითებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.