სამართალი
საპენსიო თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დააკავეს

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავა.

 ბრალდებულებმა იმ პენსიონერების სახელით, რომლებიც  დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან იყვნენ გარდაცვლილი, თუმცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში ფიქსირდებოდნენ აქტიურად და შეჩერებული ჰქონდათ პენსიის ჩარიცხვა, შეავსეს განაცხადები პენსიის აღდგენის თაობაზე, რაც მათ მიერვე დაკმაყოფილებული იქნა. შემდგომ "ლიბერთი ბანკში" წარადგინეს ყალბი მინდობილობები, მინდობილ პირებზე დამზადდა პენსიონერის ანგარიშზე მიბმული დამატებითი ბარათები.

 აღნიშნული გზით ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახელზე გაიცა 29 პენსიონერის დამატებითი საპენსიო ბარათი, რომელთა მეშვეობით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საერთო ჯამში თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 115 985,5 ლარს.