პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ბაკურიანში დღესასწაულია, ე.წ. კუკუშკა სრულად რეაბილიტირებული და ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს კაპიტალურად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები მოემსახურება. ПВ-900 ტიპის სამგზავრო ვაგონებს, „საქართველოს რკინიგზის“ ძალისხმევით, ძველი იერსახე დაუბრუნდა. ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით და პირიქით მატარებელი დღეში ორ რეისს ასრულებს. თითოეული ვაგონი 32-ადგილიანია და გადაადგილებას ერთდროულად 128 მგზავრი შეძლებს.

 განახლებული ვაგონები  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.

 "ე.წ. კუკუშკა, რომელიც ამ კურორტის ყველასთვის საყვარელი შემადგენელი ნაწილია, სრულად რეაბილიტირებულია და ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის. ეს მატარებელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომიდან ბაკურიანამდე ბევრი სოფლის მცხოვრებლებისთვის. ასევე, დღეს ჩვენ გავხსენით მიტარბის ახალი სათხილამურო ტრასა და ახალი საბაგირო, რომელიც 30 წლის წინ შეჩერდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე ჩავბერეთ კურორტ მიტარბს. კოხტა-მიტარბის ახალი კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი კურორტი ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსში", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.