საზოგადოება
მოსკოვში იოსებ სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. მოსკოვში გარდაიცვალა იოსებ სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი, - აუწყეს “რია ნოვოსტის” სასწრაფო დახმარების საცნობარო სამსახურში.

 80 წლის ჯუღაშვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 ევგენი ჯუღაშვილი დაიბადა 1936 წელს სტალინის უფროსი შვილის იაკობის ოჯახში. მან სამხედრო კარიერა აირჩია - კალინინის სუვოროვის სასწავლებელში შევიდა, შემდეგ კი სწავლა ნ. ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემიაში განაგრძო. ჯუღაშვილი კოროლიოვის საკონსტრუქტორო ბიუროში სამხედრო ინჟინერი გახდა, მონაწილეობდა კოსმოსური ხომალდების მომზადებაში და გაშვებაში ბაიკონურის კოსმოდრომიდან, მათ შორის - პირველი კოსმონავტის იური გაგარინის ხომალდის.

 მოგვიანებით ჯუღაშვილი სამხედრო ისტორიით დაინტერესდა, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა და მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა სამხედრო აკადემიებში. 55 წლის ასაკში პოლკოვნიკმა ჯუღაშვილმა შეიარაღებული ძალები დატოვა.

 1991 წლიდან ევგენი ჯუღაშვილი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკაში, როგორც კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე. ბაბუის ღირსების დასაცავად მას არაერთხელ ჰქონდა სასამართლო დავა სხვადასხვა მედიასაშუალებასთან. 2015 წელს მან დაწერა მოგონებათა წიგნი - "ჩემი ბაბუა - სტალინი. ის წმინდანია!", აგრეთვე შეასრულა სტალინის როლი თავისი მამის - იაკობ ჯუღაშვილის შესახებ გადაღებულ ფილმში.

 უფროსი ლეიტენანტი, არტილერისტი იაკობ ჯუღაშვილი 1941 წლის ივლისში ტყვედ ჩავარდა და 1943 წლის აპრილში ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა.