საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუდაურში, ახალი საბაგიროს გახსნაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ აქ ამოვედით, რათა გავხსნათ მსოფლიოში წამყვანი კომპანია Doppelmayr-ის მიერ დამონტაჟებული ახალი საბაგირო, რომელიც თვისობრივად გააუმჯობესებს მომსახურებას კურორტ გუდაურში. დავასრულეთ კანადურ კომპანია Ekozain-თან ერთად გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა და დღეიდან მოყოლებული, ამ კურორტში იქნება გეგმაზომიერი, თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი განვითარება“, - აღნიშნა პრემიერმა.
„2017 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ყველა ის ზონა დათოვლიანებული, სადაც ბუნებრივად არის დაბალთოვლიანობა, რათა იქნეს უზრუნველყოფილი სეზონის გახსნა, რომ მეტი შემოსავალი ნახონ ინვესტორებმა, სასტუმროს მფლობელებმა. ჩვენ დავაფუძნეთ სათავგადასავლო-სამთო სკოლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ჩავჯდეთ ყველა იმ სტანდარტში, რომელშიც უნდა იყოს მსოფლიოს წამყვანი სამთო-სათხილამურო კურორტი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, მთის რეგიონის მცხოვრებლებისთვის.
„ეს ნიშნავს მეტ ტურისტს ქვეყანაში, ნიშნავს მეტ ქართულ პროდუქტს, გაყიდულს უცხოეთის ბაზარზე და მეტ ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.