საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა 77 პროცენტი ძალოვან უწყებებში მუშაობს – ეს დაადგიდა საქართველოს მწვანეთა პარტიის მიერ ჩაატარებულმა კვლევამ. „მწვანეები“ დაინტერესდნენ, თუ რამდენი ადამიანია საერთოდ დასაქმებული სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა სფეროების მიხედვით და როგორია მათი გადანაწილების თანაფარდობა.
როგორც მწვანეთა პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული 100 252 ადამიანიდან 74 000 კაცი ძალოვან სტრუქტურებში - თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში და სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობს, დანარჩენ სფეროებზე კი მხოლოდ 26 000 მოდის.გიორგი გაჩეჩილაძე აგრძელებს: “ხელისუფლება აქცენტს აკეთებს ძალადობაზე, რადგან უნარი არ შესწევს, ეკონომიკურად ააწყოს სახელმწიფო. ქვეყნის სამართავად და სიტუაციის გასაკონტროლებლად ის ძალას იყენებს, შესაბამისად, ხელისუფლების პრიორიტეტი ძალოვანი სტრუქტურები გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ 100 000 კაცზე ცენტრალური ბიუჯეტიდან ხელფასებისთვის 1 მილიარდ 400 მილიონი ირიცხება, მაშინ, როცა მთლიანად სოციალურად დაუცველ კატეგორიაზე, პენსიონერებზე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებზე, ვეტერანებზე და ა.შ. მხოლოდ 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი მოდის”.
ეს სტატისტიკა არ ეხება იმ დასაქმებულებს, რომელთაც ხელფასი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერიცხებათ.
„მწვანეთა“ ლიდერის ცნობით, საინტერესო და საყურადღებოა ისიც, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის მიუხედავად, როგორც ამას ხელისუფლება საჯაროდ აცხადებს ხოლმე, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. 2009 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან ხელფასი ერიცხებოდა 92 934 ადამიანს, წელს კი ეს რიცხვი 100 252 კაცამდე გაიზარდა.
“არ დავიწყებ იმის განსჯას, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა ცუდია თუ კარგი. რა თქმა უნდა, ამას თავისი დადებითი მომენტები აქვს და, რაც მეტი დასაქმებული იქნება, მით უკეთესი, მაგრამ აქ საქმე ეხება სახელმწიფო დაწესებულებებში შტატების ზრდას, რომლებიც ეწინააღმდეგება კრიზისულ ვითარებას და ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკას. შესაბამისობაში არ მოდის, ასევე , მინისტრების ა და მაღალჩინოსნების ხელფასები, მაგალითად, 2010 წელს გარემოს დაცვის მინისტრმა პრემიებიანად ჯამში 170 000 ლარის ოდენობის ხელფასი აიღო. გასათვალისწინებელია, რომ მთლიანობაში სამინისტროს ბიუჯეტი 5 200 000 შეადგენს. წარმოიდგინეთ მხოლოდ მინისტრის ხელფასი როგორ თანაფარდობაში მოდის მთლიანი სამინისტროს ბიუჯეტთან. დარწმუნებული ვარ, სხვა სამინისტროებში გაცილებით უარესი თანაფარდობებია ”, - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.
მკითხველმა თვითონ განსაჯოს, რამდენად დემოკრატიულია ხელისუფლების მოქმედებები, რომელთა მსხვერპლი რეგულარულად ხდება ქვეყნის მოსახლეობა.