საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა პრობლემა, რომელიც დღეს ქართულ ეკლესიაში არსებობს, საეკლესიო სასამართლოს საშუალებით ადვილად მოგვარდება.
„მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება, პატრიარქის მდივან-რეფერენტი ქალბატონის (შორენა თეთრუაშვილის - რედ.) ხელში არსებული, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა. მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ, დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის მოვალეობებს შეასრულებს“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
„ე.წ.რუხი კარდინალის მდგომარეობა და ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში, სამწუხაროდ, არსებობს“, - აღნიშნა მან.
„აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები ძალიან ადვილად მოგვარდება ღვთის წყალობით“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.