პოლიტიკა
სერგო ჯავახიძე – „სამართლიანი საქართველოსთვის“ მებრძოლი თუ კრიმინალური ბანდის წევრი?!

samartliani-saqartvelostvisმოძრაობის „სამართლიანი საქართველოსთვის“ „ახლადგამოჩეკილმა“ გამგეობამ მოძრაობის თავმჯდომარედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთხმად სერგო ჯავახიძე აირჩია, რომელიც მისი წინამორბედის - ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური გარემოცვის წევრი ჯერ კიდევ ექსპრემიერის ფინანსთა მინისტრობის პერიოდიდან იყო.

როგორც ცნობილია, ჯავახიძე საბაჟო ტერმინალ „ოპიზის“ დირექტორი გახლდათ, რომელიც დაიხურა, მისი დირექტორი კი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით ციხეში აღმოჩნდა. მოგვიანებით ჯავახიძე ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, რომელსაც დღესაც იხდის.

გარდა ამისა, ჯავახიძის მიმართ ბრალდებები გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაც ისმოდა. მაშინ მას პარტიის თანხების გაფლანგვას ედავებოდნენ, თუმცა თავად, რაღა თქმა უნდა, ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

არის კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც ჯავახიძისა და მისი თანამოაზრეების „სამართლიანობა“, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. კერძოდ, ჯავახიძის ახლო გარემოცვის წევრი კოტე გომელაური, რომელსაც გასულ წელს სამართალდამცველებთან პრობლემები ნარკოტიეკების შეძენა–შენახვისთვის შეექმნა, საქინფორმის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ მეგობრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

შარშანდელი ფაქტის შემდეგ გომელაურის გასათავისუფლებლად ნოღაიდელმა და მისმა გუნდმა ბევრი იბრძოლეს და მიზანსაც მიაღწიეს, თუმცა მაშინ მის წარსულზე მისივე თანაპარტიელები არ საუბრობდნენ. ახლა კი პირად საუბრებში ყოფილი თანაგუნდელები გომელაურის კრიმინალური წარსულის შესახებ სააგენტოს ინფორმაციას ადასტურებენ.

ჯავახიძისა და გომელაურის კრიმინალურ წარსულს არც თავად ჯავახიძე უარყოფს. საქინფორმთან საუბრისას მან დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გომელაური მკვლელობისთვის ციხეში იჯდა, თუმცა აქვე დასძინა, რომ გომელაურს მის პარტიულ საქმიანობასთან არანაირი შეხება არ აქვს და ისინი მხოლოდ მეგობრები არიან.

„დიახ, ვადასტურებ, რომ ამჟამადაც ვიხდი პირობით სასჯელს, ასევე ვადასტურებ, რომ კოტე გომელაური ნასამართლევია და ციხეში მკვლელობისთვის იჯდა. თუმცა ვერ ვხვდები, რა კავშირი აქვს ამას ჩემს პარტიულ მოღვაწეობასთან. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ და მას პარტიასთან შეხება არ აქვს“, – განაცხადა ჯავახიძემ.

მართალია, ჯავახიძე გომელაურის პარტიასთან თანამშრომლობას უარყოფს, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ გასული წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ეს უკანასკნელი მოძრაობის „სამართლიანი საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და ჯავახიძის საარჩევნო შტაბის წევრიც გახლდათ.

ამასთან, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გომელაური ჯავახიძეს ნოღაიდელის ჩამოშორებაშიც აქტიურად ეხმარებოდა და, როგორც სააგენტოს წყარო ამბობს, „ისინი დღესაც ერთად „მოძრაობენ“.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელს თანაპარტიელები გასულ წელს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათი განმარტებით, პარტიის ლიდერმა წინასაარჩევნოდ ჩატარებული „კარდაკარის“ პროგრამის მონაწილეებს კუთვნილი ხელფასები არ გადაუხადა. წლის ბოლოს, ჯავახიძის ფრთამ იუსტიციის სამინისტროს მოძრაობის ახალი გამგეობის დარეგისტრირების თხოვნითაც მიმართა, რომელიც უწყებამ რამდენიმე დღის წინათ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ნოღაიდელი მოძრაობის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს.