რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: პუტინის იაპონური მოდელი - მაგალითი საქართველოსთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად

  „იაპონიისათვის მოწინააღმდეგიდან რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად გადაქცევის შეთავაზებით პუტინმა საქართველოს და მსოფლიოს ტერიტორიული უთანხმოებების მშვიდობიანად მოგვარების უნივერსალური მოდელის პრეზენტაცია ჩაუტარა

 მიმავალი წლის მთავარი მოვლენა 8 ნოემბერს მოხდა, როცა ამერიკელმა ხალხმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად ბიზნესმენი -  მილიარდერი დონალდ ტრამპი აირჩია. აირჩია იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი რუსეთთან მეგობრობას, ომის შეწყვეტას და ვაჭრობის დაწყებას დაჰპირდა. და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ამ ფორმულის ავტორი - ტრამპი, პუტინი, უფალი თუ მდიდრებისა და საზრიანთა მსოფლიო კლუბი, რომელიც მსოფლიო წესრიგს გვკარნახობს! მნიშვნელოვანია შედეგი - მსოფლიო გადარჩა მესამე მსოფლიო ომსა და დოლარის დეფოლტს, სადამდეც აუცილებლად მიგვიყვანდა გამალებული შეიარაღება და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებსაც აშშ, ალბათ, გააუქმებს მას შემდეგ, რაც ტრამპი თანამდებობას დაიკავებს.

 წარმატებისთვის არიან განწირული ევროპის ის ქვეყნებიც, რომელთა განახლებული პოლიტიკური ელიტები ნებაყოფლობით თუ იძულებით გაჰყვებიან ტრამპის კვალს - იმეგობრებენ რუსეთთან, შეწყვეტენ ომს და დაიწყებენ ვაჭრობას. ანუ მის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს გააუქმებენ, იმიტომ რომ სადაც ვაჭრობენ, იქ არ ომობენ. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნები კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, აზრთა სხვადასხვაობა ევროკავშირისა და ნატოს დაუყოვნებლივ დაშლას გამოიწვევს, ვინაიდან ერთსა და იმავე კავშირებში ვერ იქნებიან ქვეყნები, რომელთაც განსხვავებული საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები აქვთ.

 ევროკავშირის დაშლა, რასაც დიდმა ბრიტანეთმა დაუდო სათავე, ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია, და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა - ეს „პუტინის ბრექსითი“ იყო, როგორც დასავლეთის პროპაგანდა ამტკიცებს, თუ ინგლისელებს ეს თვითგადარჩენის ინსტინქტმა უკარნახა. მენტალური შეუთავსებლობა და ეკონომიკური მიზანშეწონლობა გვერდზეც რომ გადავდოთ, ევროკავშირი ისეთივე მოძველებული, მორალურად დრომოჭმული სტრუქტურაა, როგორც ნატო - სსრკ-ს და ვარშავის ბლოკის საწინააღმდეგოდ შექმნილი სამხედრო ალიანსი, რომლებიც უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობს.

 ფორმულა - რუსეთთან მეგობრობა, ომის შეწყვეტა და ვაჭობის დაწყება - პუტინმა იაპონიაში გამოიყენა, როცა შესთავაზა მას, რუსეთის მოწინააღმდეგიდან ერთბაშად სტრატეგიული პარტნიორი გამხდარიყო. ამით პუტინმა საქართველოს და მთელ მსოფლიოს სხვადასხვა მიზეზით წარმოშობილი და მხარეებს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდილი ტერიტორიული უთანხმოებების მშვიდობიანად მოგვარების უნივერსალური მოდელის პრეზენტაცია ჩაუტარა.

 ხოლო თუკი შესაძლებელია რუსეთსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კურილის კუნძულებზე - მაშასადამე, მით უფრო შესაძლებელია რუსეთის და საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ყურადღება მიაქციეთ: მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას კურილის არქიპელაგი სსრკ-ის შემადგენლობაში შევიდა (08.08.08 ხუთდღიანი ომის დამთავრების შემდეგ რუსეთის ფედერაციამ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა“ ცნო).

ამის მიუხედავად, 1956 წელს იაპონია ხელს აწერს სსრკ-სთან ერთობლივ ორმხრივ დეკლარაციას, რომლითაც არა მხოლოდ მთავრდება მათ შორის საომარი მდგომარეობა (როგორც მედვედევ-სარკოზის გეგმით რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს), არამედ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც აღდგენილია - მიუხედავად იმისა, რომ იაპონია კვლავინდებურად პრეტენზიას აცხადებს ოთხ კუნძულზე - იტურუპზე, კუნაშირზე, შიკოტანზე და ხაბომაის დაუსახლებელ მთაგრეხილზე (საქართველო, რომელიც პრეტენზიას აცხადებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ აპირებს).

1956 წლის ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ თუკი სსრკ-სა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, შიკოტანს და ხაბომაის კეთილი ნების ჟესტის სახით იაპონიას დაბრუნებენ. შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, თუ ზემოთ ჩამოთვლილ კურილის კუნძულებზე რუსეთსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დაიწყება, რომლის თაობაზეც პრეზიდენტი პუტინი და პრემიერი სინძო აბე შეთანხმდნენ, იმ პირობით, რომ იქ არ იქნება განთავსებული აშშ-ის სამხედრო ბაზები? ამას მომავალი გვიჩვენებს, დღეს კი მთავარია, რომ 15-16 დეკემბერს, ბოლო 11 წლის განმავლობაში იაპონიაში პირველი ვიზტის დროს, პუტინმა იაპონელებს ამ კუნძულებზე არა მხოლოდ ერთობლივი მეურნეობის წარმოება შესთავაზა, არამედ წინაპართა საფლავების მოსანახულებლად უვიზო რეჟიმის შემოღებაც (განა რა შეიძლება იყოს ქართველებისთვის იმაზე მტკივნეული, ვიდრე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დარჩენილი ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავებისთვის პატივის მიგების საშუალების უქონლობა?!)

მაშასადამე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული რუსეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა - სწორი გზაა რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, რაც 2008 წლის 8-12 აგვისტოს ომის შემდეგ არ მომხდარა. ცხადია, იმ პირობით, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზები არ განთავსდება. (სხვათა შორის, 1945 წლის შემდეგ დღემდე ხელმოწერილი არ არის სამშვიდობო ხელშეკრულება გერმანიასა და რუსეთს, როგორც სსრკ-ს სამართალმემკვიდრეს შორის, რააც მათ ეკონომიკურ თანამშრომლობის და გერმანიის გაერთიანებისთვის ხელი არ შეუშლა).

იაპოიისათვის შეთავაზებული პუტინის მოდელი ოფიციალური თბილისისათვის დღის წესრიგის მთავარი განსახილველი საკითხი უნდა გახდეს, რადგან ამ უნივერსალური ფორმულით, რომლის მნიშვნელში ეკონომიკური თანამშრომლობაა, ხოლო მრიცხველში სადავო ტერიტორიები იგულისხმება, ყველა მოგებული დარჩება!

დღესვე აუცილებელია, გამოცხადდეს რუსეთ-საქართველო-აფხაზეთის და რუსეთ-საქართველო-სამხრეთ ოსეთის ერთობლივი ბიზნესპროექტების კონკურსი, რათა შემდგომში ისინი ყველა მხარემ განიხილოს, თანაც საკონკურსო კომისიას სათავეში უნდა ჩაუდგეს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც რუსეთში კარგად იცნობენ.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის სწრაფესად აღდგენის შემდეგ კი პუტინი საქართველოში უნდა მოვიწვიოთ, როგორც იაპონიამ მიიწვია, არსებული ტერიტორიული პრეტენზიების მიუხედავად. თანაც, ეს ყველაფერი დროზე უნდა მოვასწროდ, სანამ პუტინი - პრეზიდენტია.

მერე გვიან იქნება...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 23 დეკემბერი,
საქართველო, თბილისი