აქტუალური
23-ე ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა მომზადებას გადის

  საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების მესამე ფაზის ფარგლებში ქვედანაყოფი მოტორიზებულ ოპერაციებს, პატრულირებას და სხვა ტიპის ამოცანებს პრაქტიკულად ასრულებს.

 საველე სწავლებები ვაზიანის სამხედრო პოლიგონსა და კრწანისში პარალელურად მიმდინარეობს. გადასროლისწინა მომზადება სულ ოთხ ფაზადაა დაყოფილი. I ფაზაზე სამხედროების ინდივიდუალური მომზადება ხორციელდება. II ფაზაზე ამოცანები ათეულის შემადგენლობით, III ფაზის განმავლობაში - ოცეულის, ხოლო IV ფაზაზე ასეულის და ბატალიონის შემადგენლობით ხორციელდება.

 23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ტარდება.

 ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.