საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩია. დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 270-ზე მეტმა წევრმა დაუჭირა მხარი. ეს არჩევნებში გამარჯვებისთვის აუცილებელი მინიმუმია.
დონალდ ტრამპის გამარჯვება ტეხასის შტატის ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების კენჭისყრამ უზრუნველყო. სულ შტატში ამომრჩეველთა კოლეგიის 38 წევრია, რომელთაგან 36-მა ხმა დონალდ ტრამპს მისცა.
დონალდ ტრამპს პირველმა გამარჯვება მომავალმა ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა მიულოცა. მან “ტვიტერში” დაწერა, რომ ახლა ტრამპი აშშ-ის ოფიციალურად არჩეული პრეზიდენტია.
კენჭისყრა დონალდ ტრამპის არჩევის წინააღმდეგ პროტესტი ფონზე მიმდინარეობდა. ამომრჩეველთა კოლეგიის მრავალი წევრი გამოდიოდა სხვა კანდიდატების მხარდაჭერის მოწოდებით.
სულ ამომრჩეველთა კოლეგია 538 წევრისგან შედგება.
8 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დამარცხება აღიარა იმის მიუხედავად, რომ მას უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.