საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. დენდროლოგიურ პარკში, ზამთრის დადგომასთან ერთად, ხეების გადარგვა განახლდა, თუმცა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული მედიასაშუალებები ისევ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის მფლობელობაში არსებული სააგენტო “გურიის მოამბის” სტატიის მიხედვით, თითქოს ბიძინა ივანიშვილს სურდა გურიის ერთ-ერთი სკოლის ეზოდან დენდროლოგიურ პარკში ჭადრის ხის გადარგვა. ამას წერენ იმ ადამიანზე, რომელმაც ასობით სკოლა ააშენა, გაარემონტა, აღჭურვა... ითქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში 45 ათას დოლარად ბაობაბის ხე შეიძინა. “გურიის მოამბის” ჟურნალისტი იმასაც კი არ დაუკვირდა, რომ ბაობაბის ხე საქართველოში არ ხარობს“, - ამბობს უძილაური, რომლის განმარტებით, ის იყო რელიქტური ხე გინგკო ბილობა.
კითხვაზე, რომ “გურიის მოამბის” ჟურნალისტი ასახელებს ფასს - 45 000 დოლარს, „ქართუს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი პასუხობს:
„ჟურნალისტი მიზანმიმართულად ასახელებს ამ ციფრებს და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. მაგალითად, ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის ყანაში მდგომ ხეში ითხოვა 60 000. რასაკვირველია, მას მარტივად ეთქვა უარი“.