საზოგადოება
დღეიდან დევნილებს გაასახლებენ

gamosaxlebaდღეიდან თბილისში 22 ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი იწყება.

პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" აფხაზეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განსახლების სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს და დევნილთა გამოსახლების პროცესის შეჩერება მოითხოვეს. 14 ობიექტიდან საჩივარს ხელს 18 დევნილი აწერს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" აფხაზეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ციკორიამ განაცხადა, დევნილებს გამოსახლების შესახებ შეტყობინება ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე დაურიგდათ და ეს პროცესი ნებაყოფლობით არ მიმდინარეობს.

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები ასევე ითხოვენ, სამინისტრომ აღნიშნული საჩივარი ზეპირი მოსმენით განიხილოს და დაინტერესებულ მხარეს შეატყობინოს.

სამინისტრო დევნილებს საცხოვრებელ ფართებს აბაშის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხისa და კახეთის სოფლებში სთავაზობს, ძირითადად, ყოფილი სკოლისა და საბავშვო ბაღების შენობებში გაუსაძლის პირობებში.

ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა იულია ხარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოსახლების პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციებთანაა შეთანხმებული და სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა, ყველა დევნილი საცხოვრებლით თბილისში დააკმაყოფილოს.