საზოგადოება
საქართველო და „გაზპრომი“ ვერ შეთანხმდნენ

  საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ უშედეგოდ დასრულდა „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა ბუნებრივი აირის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

 „ყოველწლიურად ხდება ხელშეკრულების გაფორმება. ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება. კონკრეტულად, შეხვედრის შინაარსს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე. გატარების საფასურს ჩვენ დღეს ბუნებრივი აირის სახით ვიღებთ (მთლიანი მოცულობის 10%-). ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს“, — განუცხადა კახა კალაძემ ხუთშაბათს ჟურნალისტებს.

 საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია, თუმცა სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველო გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს იღებს. საქართველო რუსულ გაზს 2007 წლიდან აღარ ყიდულობს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 2016 წლის მარტში ქართულმა მხარემ და „გაზპრომმა“ ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი საქართველო მიერ სომხეთისკენ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის მიღების შესახებ.

 ადრე კალაძე აცხადებდა, რომ „გაზპრომს“ საქართველოსთვის ტრანზიტის კომპენსაციის ფულადი თანხით გადახდა სურს და მხარეები მსჯელობენ საქართველოს მიერ აირის დამატებითი მოცულობების მიღების საკითხზე ქვეყანაში „ცისფერი საწვავის“ დეფიციტის გაზრდის გამო. მხარეებს შორის ხელშეკრულების განახლება ყოველწლიურად ხორციელდება.