საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ლევან შონია GEM fest-ის, USAID-ის, ფერმერთა ასოციაციის და საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც GEM fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა, USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.
„ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ - USAID ახორციელებს პროექტს - „ზრდა საქართველოში“, რომელიც აქტიურად არის ჩართული ანაკლია-განმუხურის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და თანამშრომლობს GEM fest-თან. პროექტი 5-წლიანია და მიზნად ისახავს რეგიონში კვალიფიციური კადრების გადამზადებას.
GEM fest–2017 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტოს დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე გაშენდება კარვების ქალაქი, რომელიც 20 000 ადამიანზე იქნება გათვლილი, ასევე მოეწყობა 8 სცენა, სადაც მაყურებლების წინაშე 500-ზე მეტი არტისტი წარდგება.