საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ფოთის ნავსადგურში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ნავსადგურის მმართველი კომპანია „APM ტერმინალსის“ კომერციულ დირექტორს ჯოზეფ ქროულს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 3 დეკემბერის ძლიერი შტორმის შედეგად ფოთში ტალღების სიმაღლემ 6 მეტრს მიაღწია. მდინარე რიონის ადიდებამ ზღვაში დიდი რაოდენობის ნაშალი მასალისა და ქვა-ღორღის ჩატანა გამოიწვია. შედეგად ფოთის ნავსადგურში წყლის სიღრმე 5 მეტრამდე შემცირდა. „სტიქიიდან გამომდინარე, დღეს ფოთის პორტი სრული წარმადობით ვერ ფუნქციონირებს. ტვირთების ნაწილის გადამისამართება ბათუმის პორტში მოხდა და მათთან 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. თვითონ პორტის ხელმძღვანელობაც აქტიურადაა ჩართული ფოთიდან გადამისამართებული გემების მომსახურების პროცესში“, - განაცხადა დავით ხუციშვილმა.
ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანიის „APM ტერმინალსის“ კომერციული დირექტორის ინფორმაციით, 7 მეტრამდე არხის გასაღრმავებლად დაახლოებით 10 000 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღის ამოღებაა საჭირო, ხოლო 9 მეტრამდე - დამატებით 60 000 კუბური მეტრის. ამისთვის კომპანიას ბულგარეთიდან სპეციალური ტექნიკა შემოჰყავს.
პრობლების სრული აღმოფხვრა 28 დეკემბრამდეა დაგეგმილი.