საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებს გამგებელ ლაშა გოგიას ბრძანებით ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესდათ.
ლაშა გოგიას N3408 ბრძანების თანახმად, რომელსაც ხელი 7 დეკემბერს მოეწერა, “სამსახურში მისაღებია კლასიკური შარვლის, შავი ჯინსის, კლასიკური კაბის-ქვედაბოლოს (მინიმალური სიგრძე სამი-ოთხი სანტიმეტრი მუხლის თავიდან), პერანგის და პიჯაკის ჩაცმა”.
იმავე ბრძანების მესამე მუხლით, გამგეობის თანამშრომელი “დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წითელი ზონარის მქონე ტანსაცმლით”. ასევე, “დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება”.
აღნიშნული ბრძანების დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს კანონით გათვალისწინებული „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები“ – ნათქვამია გამგებელ გოგიას ბრძანებაში.