საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 13 დეკემბერს გაიმართა სამმხრივი შეხვედრა (ტრიალოგი) ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.
შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების შეთანხმებულ რედაქციას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) და კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).
ამის შემდეგ გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.
„იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სესიაზე 15 დეკემბერს გაიმართება.