საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. მთავრობის წარმომადგენლები ლარის განუწყვეტელ ვარდნასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირაა არავითარ სანდო განცხადებას არ აკეთებენ. დაპირებები, რომ ლარის კურსი სადაცაა დასტაბილურდება, რომ ეს ყველაფერი პანიკის შედეგია, რომ ლარის გაუფასურებას ობიექტური წინაპირობები არა აქვს და რომ ქვეყანაში სადაცაა შემოვა უცხოური ინვესტიციები და ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უწინდელ პოზიციას დაუბრუნდება, არ გამართლდა. უყურადღებოდ რჩება ეკონომისტების რეკომენდაციებიც, მათი პროგნოზები კი სულ უფრო და უფრო არასაიმედოა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლარის კურსის გაუფასურება მთავრობის ეკონომიკურ ინიციატივებს უკავშირდება.
„ლარის გაუფასურება დავაბრალოთ საგარეო ფაქტორებს, ეს არასერიოზული დამოკიდებულება იქნება ამჯერად. მე ლარის გაუფასურების მიზეზებს ვხედავ იმ დაანონსებულ 10–პუნქტიან ზღაპრებში, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა“, - განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.
„იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს არ მოხდება ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა, რადგან ეს კიდევ დამატებითი ზეწოლაა ლარზე“, - განაცხადა “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ.