საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმის გამო, რომ არ აღიარებს რუსეთის ჩარევას საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal.
„შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სადაზვერვო მონაცემები რუსეთის ქმედებებზე აშშ-ში არჩევნების მსვლელობაში თავიდანვე აღიქმება როგორც ცრუ ან პოლიტიზებული“, - ამერიკული გამოცემა ციტირებს აშშ-ის სადაზვერვო უწყობის თანამდებობის პირის წერილს.
„მსგავსი სადაზვერვო ინფორმაციის იგნორირება და აშშ-ის სადაზვერვო უწყებების თანამშრომლების პატიოსნების უარყოფა ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რაც წმინდაა ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ ამ ქვეყნის დასაცავად“, - ნათქვამია წერილში.
აშშ-ის სადაზვერვო უწყებებმა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირები გამოავლინეს, რომლებმაც WikiLeaks-ს ”დემოკრატიული პარტიის” სერვერის გატეხვის მეშვეობით მიღებული ათასობით დოკუმენტი მიაწოდეს. სპეცსამსახურების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პირები ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში სპეცოპერაციის ნაწილს წარმოადგენენ.
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს „უბრალოდ მორიგ საბაბს“ და რომ არჩევნებში მისი გამარჯვება „ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მასიურ მოპოვებას“ უკავშირდება.