საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 2017 წელს ფინანსური დახმარების სახით $ 350 მილიონის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტი დაამტკიცა, -ინფორმაციას Facebook- ის გვერდზე ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
"თანხები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის ლეტალური შეიარაღებისთვის გამოიყოფა და ეს რაოდენობა მომავალ წელს $ 350 მილიონით გაიზრდება", - ნათქვამია აშშ-ში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
დიპლომატიური უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ამერიკის სენატმა დაამტკიცა.
2016 წელს, ანალოგიური დოკუმენტის შესაბამისად, უკრაინას ფინანსური დახმარების სახით $ 300 მილიონი მიენიჭა. "დახმარება მოიცავს ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მონიტორინგის სისტემის დაცვას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.