პოლიტიკა
ევროპის საინვესტიციო ბანკი EIB საქართველოს 450 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს

  საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის იან ვაპავუორის შეხვედრისას აღინიშნა.

 პრემიერის განცხადებით, EIB-ის მიერ გამოყოფილ დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იქიდან გამომდინარეც, რომ სივრცითი მოწყობა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.

 შეხვედრის შემდეგ ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის დაფინანსების გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა იან ვაპავუორიმ და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს.

 ევროპის საინვესტიციო ბანკი 250 მილიონ ევროს ახალი გზების მშენებლობისა და არსებული პრიორიტეტული გზების განახლებისთვის გამოყოფს; 100 მილიონ ევროს - მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განახლებისთვის; ხოლო 100 მილიონ ევროს - სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქტების სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების გრძელვადიანი, ხელსაყრელი პირობებით დაფინანსებისთვის.