საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობაა. ხულოს რამდენიმე სოფელს - ფუშუკაული, სხალთა, დეკანაძეები და ვაშლოვანი - არ მიეწოდება ელექტროენერგია, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
პრობლემებია გადაადგილებასთან დაკავშირებითაც, მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 80-150 სმ-ს აღწევს.
ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ხულოს ტერიტორიაზე 7 ერთეული საწმენდი მანქანა მუშაობს, დამატებით ელოდებიან ტექნიკას საგზაო დეპარტამენტიდან.
რაც შეეხება შუახევის რაიონს, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე თოვს. ღამით იყო ძლიერი ქარბუქიც. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 30-50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 120-140 სმ-ს აღწევს.
საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეფერხებულია. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება ბარათაულის, ჭვანის, წყალსაყრის, ოლადაურის, უჩამბის, ნაწილობრივ შუახევის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს.