პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულობით განსხვავდება, მიაჩნია საქართველოს პრემიერ–მინისტრს

  საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. „ვარაუდები, თითქოსქართული ოცნებაარ არის ისეთი პროდასავლური, როგორც წინამორბედები, რეალობისგან ძალიან შორს არის!“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ამის შესახებ POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 ჟურნალისტი დევიდ ჰერცენჰორნი დაინტერესდა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობით და პრემიერ-მინისტრს მიმართა - „ვარაუდები რუსეთისკენ კურსის შეცვლის შესახებ გამოითქვა 2012 წელს, როდესაც თქვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში”.

 „რით განვსხვავდებით ჩვენ? იმით, რომ ჩვენ უფრო პრაგმატული ვართ და ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის დეესკალაციას. და რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ უზრუნველვყოთ სათანადო სტაბილურობა რეგიონში, ვიყოთ თანამიმდევრული დასავლეთთან, ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებით. ჩვენ გვინდა ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 მისივე თქმით, ქართული მხარე თვლის, რომ ე.წ. თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა შეთანხმების ხელმოწერით ხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი შთანთქმა რუსეთის პოლიტიკური, სამხედრო და ბიუროკრატიული სივრცის მიერ.

 „მიუხედავად ამისა, ჩვენ განუხრელად ვაგრძელებთ ჩვენი პრაგმატული დეესკალაციის პოლიტიკის გატარებას, რადგან ვაცნობიერებთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.