საზოგადოება
პრემიერმა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა დაათვალიერა

  საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-თი იქნება შესაძლებელი. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაათვალიერა.

 „ეს არის ისეთი აპარატურა, რომელიც არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს. ის, რის გამოც ჩვენს თანამემამულეებს უწევდათ საკუთარი ქონების გაყიდვა, ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთის აღება, დღეს შესაძლებელია საქართველოში. ეს პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა ნამდვილად არის ადამიანი, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ. ამ კლინიკაში ინვესტირებული აქვს 34 მილიონი ევრო და ეს მართლაც ძალიან მისასალმებელი საქმეა“, - აღნიშნა პრემიერმა.

 ახალ კორპუსში, რომლის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა, პაციენტებს უახლესი აპარატურით - ორი სხივური ამაჩქარებლით, რადიოქირურგიული სისტემა EDGE-თი და ბრაქითერაპიის აპარატით მოემსახურებიან. უახლესი ტექნოლოგიები, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით, სიმსივნური უბნის დიდი სიზუსტით, მაქსიმალური დასხივებისა და გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა.