სამართალი
ჭიათურაში მანგანუმის უკანონოდ მოპოვებისა და გადასახადისთვის თავის არიდების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ორი პირი დააკავა

  საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი.  უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან ლაშა საღარეიშვილი და ზვიად კუპატაძე.

 გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ბრალდებული პირები ჩართული იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში, რომლის მიხედვითაც, ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ მანგანუმის მადანს და მისგან იღებენ მანგანუმის კონცენტრატს. მისი რეალიზაციისა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით კი დაფუძნებული ჰქონდათ შპს „ტრანს მანგანუმი“, შპს „ლარე“, შპს „ლგლ“, შპს „ნიგი“, შპს „ტექნოლოჯი“, შპს „გეორგიან ნანო ტექნოლოგი +“. აღნიშნულ საწარმოებს შორის ფიქტიური ოპერაციების მეშვეობით ნიღბავდნენ მანგანუმის კონცენტრატის წარმომავლობას და ახდენდნენ მის რეალიზაციას. დაკავებულებმა უკანონოდ მოპოვებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად ათეულობით მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღეს.