პოლიტიკა
აშშ–ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა

  საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეხვდა.

 შეხვედრისას ლევან იზორიამ  ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ საქართველოს მისწრაფებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების გატარებას განაგრძობს. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული სამხედრო ქვედანაყოფები ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2017 წლის ბოლომდე დარჩებიან.

 მინისტრმა მაიკლ კარპენტერს ინფორმაცია მიაწოდა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებასა და შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესზე, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.

 მხარეები აშშ-ის ახალ საწვრთნელ მისიას - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ამერიკის მხრიდან მსგავსი სახის ჩართულობა შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ხაზი გაესვა ერთობლივი სწავლებების Agile Spirit და Noble Partner მნიშვნელობას. ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ერთობლივი წვრთნები, როგორც აშშ-საქართველოს ორმხრივ ფორმატში, ისე ნატოს ეგიდითაც.