საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, მზადაა, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვროს.
სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ნოემბრის თვეში უკრაინის უმაღლესი რადის რიგმა დეპუტატებმა შესაბამისი იდეა გამოთქვეს. ისინი სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის წინადადებით გამოვიდნენ. მოგვიანებით ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ქვეყანა მის საქართველოსთვის გადაცემას არ აპირებს.
„მაშინ, საუკეთესო შემთხვევაში, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო დარბაზში ვიცხოვრებ“, — განაცხადა სააკაშვილმა გერმანულ ტელეარხ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 2015 წლის მაისში დაიკავა. მიმდინარე წლის ნოემბერში მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე მუშაობს და სურს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიაღწიოს. სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ჩამოერთვა.