საზოგადოება
ფოტორეპორტიორების საქმე: მთავარმა პროკურატურამ დავით დევნოზაშვილი დააკავა, „კილერი“ ალესანდრე მუხაძე კი ძებნაშია

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე შსს-ს კონტრდაზვერვის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავა. მეორე ბრალდებული – გლდანის ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „კილერი“, რომელიც ასევე პოლკოვნიკ თეთრაძის წამების საქმეში გადიოდა, ძებნაში იმყოფება.

 ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.

 ოთხი ფოტოგრაფი - ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს დააკავეს. ასევე დაკავებული იყო “ასოშეიტედ პრესის” თანამშრომელი შაჰ აივაზოვი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

 შსს-მ იმავე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულ პირებს ბრალი ედებოდათ  ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება“.

 დაკავებული ფოტოგრაფები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების თანხლებით ერთკვირიანი პატიმრობის ნამდვილ მიზეზად იქცა  2011 წლის 25 მაისის ფოტორეპორტაჟი თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე შსს–ს იმჟამინდელი სპეცდანაყოფების მიერ საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა.

 ცოლ–ქმარ ირაკლი და ნათია გედენიძეებს, რომლებიც პირველები დათანხმდნენ
აღიარებითი ჩვენების“ მიცემას „შპიონაჟში“ (ვითომდა ისინი გადაიბირა მოსკოვიდან დაბრუნებულმა ქურციკიძემ), აშანტაჟებდნენ ინტერნეტში ნათიას პირადი ფოტოსურათების გავრცელებით, რომლებიც მის პირად კომპიუტერში აღმოაჩინეს მათი სახლის ჩხრეკისას. ფოტოსურათები „ნიუს“ სტილში მისი მეუღლე ირაკლის მიერ იყო გადაღებული.